ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ღაზის საავადმყოფოში აფეთქების შემდეგ აბასმა ბაიდენთან შეხვედრა გააუქმა – მედია

პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი და აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, 2022 წლის 15 ივლისი
AP Photo/Evan Vucci

ღაზის სექტორში საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების შემდეგ პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრა გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია პალესტინელ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს

ამავე ინფორმაციით, როგორც დაგეგმილი იყო, აბასი იორდანიის მეფე აბდულა II-სა და ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ელ-სისის უნდა შეხვედროდა.

აქამდე ღაზაში საავადმყოფოზე სარაკეტო დარტყმას, ჰამასის ცნობით, 500-მდე ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით თქვეს, ასობით ადამიანის მომაკვდინებელი აფეთქება ტერორისტული დაჯგუფება ისლამური ჯიჰადის მიერ გაშვებულმა გაუმართავმა რაკეტამ გამოიწვია და შენობას დაეცა ეს საბრძოლო მასალა, რომლის სამიზნეც ისრაელი იყო.

ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები