მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

პუტინი: რუსეთი სომხეთს 15 წელი 5 ოკუპირებული ოლქის აზერბაიჯანისთვის დაბრუნებას სთავაზობდა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ვალდაის სადისკუსიო კლუბის სხდომაზე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე ილაპარაკა. 

"რუსეთი 15 წლის განმავლობაში სთავაზობდა სომხეთს წასულიყო კომპრომისზე, დაებრუნებინა აზერბაიჯანისთვის 5 ოკუპირებული ტერიტორია და თავისთვის დაეტოვებინა 2, მათ უარი თქვეს. სომხეთმა კი ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიად თავად აღიარა". – განაცხადა პუტინმა.

პუტინმა ასევე უარყო, რომ რუსეთმა სომხეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში მიატოვა. სხდომაზე საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა მინიშნება გააკეთა იმის შესახებ, რომ სომხეთი პირველ რიგში ევროკავშირმა მიატოვა და არა რუსეთმა.


რამდენიმეთვიანი კრიზისის შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხედრო მოქმედებები ყარაბაღის ტერიტორიაზე 19 სექტემბერს დაიწყო. პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ამბობდა, რომ მოქმედებებს იქამდე არ შეწყვეტდა, სანამ სეპარატისტები იარაღს არ დაყრიდნენ.

20 სექტემბერს სეპარატისტული სტეფანაკერტი დათანხმდა აზერბაიჯანის მოთხოვნებს და ცეცხლი შეწყდა.

28 სექტემბერს ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა სამველ შაჰრამანიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც 2024 წლის 1 იანვრიდან ე.წ რესპუბლიკა არსებობას შეწყვეტს.

მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღზე ფაქტობრივად სრული კონტროლი დაამყარა, ადგილობრივმა მოსახლეობამ რეგიონის დატოვება დაიწყო. დღეისათვის მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში უკვე ჩავიდა 100 ათასზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი.

კომენტარები