ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ჰამასი: რუსეთისა და პუტინის მიმართ დიდი ნდობა გვაქვს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი
Sputnik/Gavriil Grigorov/Kremlin

რუსეთის სამთავრობო მედია ავრცელებს უცხო ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში ჰამასის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის, ალი ბარაკას ინტერვიუს, რომლის მიხედვითაც, ტერორისტული დაჯგუფება რუსეთს და პუტინს ნდობას უცხადებს.

"ჰამასის მოძრაობას რუსეთისა და მისი პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიმართ დიდი ნდობა აქვს, ამიტომ, ჩვენ მივესალმებით რუსეთის შუამავლობას კონფლიქტის მოსაგვარებლად. დაინტერესებული ვართ, რაც შეიძლება მალე შეწყდეს ისრაელის დაბომბვების გამო მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვა და ღაზის სექტორის სასტიკი ბლოკადა". - თქვა ბარაკამ რუსულ სამთავრობო მედია ТАСС-თან.

მანვე აღნიშნა, რომ ჰამასი რუსეთთან მუდმივ კონტაქტს ინარჩუნებს და თქვა, რომ რუსეთში ხედავენ ძალას, "რომელიც იცავს საერთაშორისო სამართალს და ჩაგრულთათვის სამართლიანობის აღდგენას ცდილობს... პალესტინელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის ხმა მათ დაცვაში და მოსკოვის მოთხოვნა აგრესიის შეწყვეტის, ღაზას სექტორის ბლოკადის მოხსნისა და ჰუმანიტარული დახმარების განახლებაზე".

"მზად ვართ რომელიმე არაბულ ქვეყანაში რუს დიპლომატებთან შესაძლო შეხვედრისთვის და მივესალმებით მათ ძალისხმევას". - თქვა ბარაკამ.

13 ოქტომბერს პუტინმა დსთ-ს საბჭოს სხდომაზე თქვა, რომ ისრაელის მიერ ღაზის სექტორის ბლოკირება "მიუღებელია". ამავდროულად, ვლადიმირ პუტინმა მხარეებს კონფლიქტის მედიაციის გზით გადაწყვეტისკენ მოუწოდა.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ისრაელი, სავარაუდოდ, სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები