ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ნეთანიაჰუ ჰამასის ტერორისტებისგან გაწმენდილ დასახლებებში პირველად ჩავიდა

ბენიამინ ნეთანიაჰუ ჰამასის ტერორისტებისგან გათავისუფლებულ ერთ-ერთ დასახლებაში ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიცრისგან ინფორმაციას იღებს, 2023 წლის 14 ოქტომბერი
Avi Ohayon/GPO

ისრაელის პრემიერი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ჰამასის თავდასხმის შემდეგ ღაზის საზღვართან მდებარე, ტერორისტებისგან გათავისუფლებულ დასახლებებში პირველად ჩავიდა.

პრემიერის ოფისის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის კიბუცებში, კფარ აზასა და ბეერში ჩავიდა და "იმ სახლების ნანგრევებში გაიარა, სადაც ეს საშინელი ხოცვა-ჟლეტა მოხდა".

პრემიერს ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიცრებმა ადგილზე არსებული სიტუაციის შესახებ მოკლედ მოახსენეს.

ჰამასის ტერორისტებმა ისრაელზე სახმელეთო თავდასხმის დროს ღაზის სექტორის მიმდებარე დასახლებებში ასობით ადამიანი მოკლეს.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები