ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ენტონი ბლინკენი პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს შეხვდება

ენტონი ბლინკენი 

პარასკევს, 13 ოქტომბერს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაცია პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის გენერალურმა მდივანმა ჰუსეინ ალ-შეიხმა გაავრცელა.

მან X-ზე (ყოფილი Twitter) დაწერა, რომ მანამდე, პალესტინის პრეზიდენტი ხუთშაბათს ამანში იორდანიის მეფე აბდულას შეხვდება.

ბლინკენი ისრაელში ოთხშაბათს, 11 ოქტომბერს გაემგზავრა, ადგილზე კი დღეს, 12 ოქტომბერს ჩავა. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მისი და ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვედრა. 

ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა გამოაცხადა, რომ ქვეყნის სამხრეთში, ღაზის სექტორის მოსაზღვრე ქალაქებზე კონტროლი აღადგინეს, თუმცა დასახლებებში, შესაძლოა, ტერორისტები რჩებოდნენ.

კომენტარები