თუფაქ შაკურის მკვლელობა

2PAC-ის მკვლელობაში ეჭვმიტანილი სასამართლოში პირველად გამოჩნდა

Bizuayehu Tesfaye/Las Vegas Review-Journal/AP

დუეინ დევისი, იგივე "Keefe D", რომელიც თუფაქ შაკურის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, ლას ვეგასის სასამართლოს წინაშე პირველად წარსდგა.

მოსამართლეთა თქმით, მოსალოდნელი იყო, რომ დევისს განაჩენს დღეს გამოუტანდნენ, თუმცა განხილვა ორი კვირით, 19 ოქტომბრამდე გადაიდო, რათა პროცესზე დასწრება დევისის ადვოკატსაც შესძლებოდა.

კლარკის ოლქის პროკურორის, სტივ ვოლფსონის ვარაუდით, დევისი ბრალს არ აღიარებს, თუმცა თავადვე აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ის უდანაშაულოდ ითვლება. 

დევისი წარსულში ცნობილი მომღერლის მკვლელობის საქმეში მოწმედ იყო მოხსენიებული. სწორედ დევისის დის შვილთან, ორლანდო ანდერსონთან, სიკვდილამდე რამდენიმე საათით მოუვიდა შელაპარაკება შაკურს. ანდერსონი, რომელიც 2Pac-ის სიკვდილიდან 2 წელში გარდაიცვალა, ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი იყო, თუმცა გამოძიებამ ბრალი ვერ დაუდგინა. წარსულში არაერთხელ ნასამართლები დევისი ლოს-ანჯელესის ცნობილი კრიმინალური ბანდის, Crips-ის ერთ-ერთი ლიდერია.

2023 წლის ივლისში ლას-ვეგასის პოლიციამ წლების წინ დახურული საქმე განაახლა და დევისის სახლი გაჩხრიკა.

1996 წელს თუფაქ შაკური იგივე 2Pac ლას-ვეგასში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. რეპერი მანქანაში მუსიკალურ პროდიუსერ შუგ ნაითთან ერთად იჯდა. შუქნიშანზე გაჩერებულ მანქანას თეთრი ფერის კადილაკიდან ცეცხლი გაუხსნეს. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი შაკური საავადმყოფოში გადაიყვანეს, რეპერი 7 დღეში გარდაიცვალა. მრავალწლიანი გამოძიება ჩიხში შევიდა, ლეგენდარული რეპერის მკვლელობა დღემდე გაუხსნელია.

კომენტარები