თუფაქ შაკურის მკვლელობა

პოლიციამ დაკავებულ ეჭვმიტანილს 2PAC-ის მკვლელობისთვის ბრალი წარუდგინა

მარცხნივ: თუფაქ შაკურის უკანასკნელი ფოტო, გადაღებულია მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე. მარჯვნივ: შაკურის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დუეინ დევისი
Befunky

ლას-ვეგასის პოლიციამ 29 სექტემბერს დაკავებულ დუეინ "Keefe D" დევისს ცნობილი რეპერის, თუფაქ შაკურის მკვლელობაში ბრალი წარუდგინა.

დევისი წარსულში ცნობილი მომღერლის მკვლელობის საქმეში მოწმედ იყო მოხსენიებული. სწორედ დევისის დის შვილთან, ორლანდო ანდერსონთან, სიკვდილამდე რამდენიმე საათით მოუვიდა შელაპარაკება შაკურს. ანდერსონი, რომელიც 2Pac-ის სიკვდილიდან 2 წელში გარდაიცვალა, ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი იყო, თუმცა გამოძიებამ ბრალი ვერ დაუდგინა. წარსულში არაერთხელ ნასამართლები დევისი ლოს-ანჯელესის ცნობილი კრიმინალური ბანდის, Crips-ის ერთ-ერთი ლიდერია.

2023 წლის ივლისში ლას-ვეგასის პოლიციამ წლების წინ დახურული საქმე განაახლა და დევისის სახლი გაჩხრიკა.

1996 წელს თუფაქ შაკური იგივე 2Pac ლას-ვეგასში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. რეპერი მანქანაში მუსიკალურ პროდიუსერ შუგ ნაითთან ერთად იჯდა. შუქნიშანზე გაჩერებულ მანქანას თეთრი ფერის კადილაკიდან ცეცხლი გაუხსნეს. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი შაკური საავადმყოფოში გადაიყვანეს, რეპერი 7 დღეში გარდაიცვალა. მრავალწლიანი გამოძიება ჩიხში შევიდა, ლეგენდარული რეპერის მკვლელობა დღემდე გაუხსნელია.

კომენტარები