თუფაქ შაკურის მკვლელობა

2PAC-ის მკვლელობის გამოძიება: პოლიციამ მკვლელობის მოწმის სახლიდან ნივთები ამოიღო

19 ივლისს სამართალდამცავებმა თუფაქ შაკურის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში, ლას-ვეგასში სახლი გაჩხრიკეს.

ცნობილი გახდა, რომ პოლიციელებმა სახლიდან ნივთები ამოიღეს, მათ შორის რამდენიმე ტაბი, ერთი მობილური ტელეფონი და ხუთი მყარი დისკი. სახლი დუეინ კიტ დევისის ცოლს პოლა კლემონსს ეკუთვნის. თავად დევისი იგივე კეფი დი შაკურის მკვლელობის ერთ-ერთი მოწმეა. 

"ჩვენი ჩხრეკის მიზანია ვიპოვოთ აუდიო ან ვიდეო ჩანაწერები, ასევე წერილობითი მასალა, რომელიც თუფაქ შაკურის მკვლელობას უკავშირდება". – განაცხადა ლას-ვეგასის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

1996 წელს თუფაქ შაკური იგივე 2Pac ლას-ვეგასში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. რეპერი მანქანაში მუსიკალურ პროდიუსერ შუგ ნაითთან ერთად იჯდა. შუქნიშანზე გაჩერებულ მანქანას თეთრი ფერის კადილაკიდან ცეცხლი გაუხსნეს. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი შაკური საავადმყოფოში გადაიყვანეს, რეპერი 7 დღეში გარდაიცვალა. მრავალწლიანი გამოძიება ჩიხში შევიდა, ლეგენდარული რეპერის მკვლელობა დღემდე გაუხსნელია.

კომენტარები