საქართველო-ევროკავშირი

იოზვიაკი: საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თუმცა მკაცრი დათქმებით

EU

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ჟურნალისტი, რიკარდ იოზვიაკი TV პირველთან საუბრისას აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მკაცრი დათქმებით მოხდება. 

იოზვიაკი ამბობს, რომ 31 ოქტომბერი ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნების ამჟამად ცნობილი თარიღია, მაგრამ, მისივე თქმით, შესაძლოა, თარიღმა გადმოიწიოს და ანგარიში ოქტომბრის პირველ ორ კვირაში წარმოადგინონ.

"პოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, სასამართლო სისტემა - ეს ტოპ სამი საკითხი ქვეყნისთვის მთავარი გამოწვევაა. ეს პირობები 100 %-ით შესრულებული რომც არ იყოს, ისინი ძალაში მაინც დარჩება შესასრულებლად. 

[...] 31 ოქტომბერი ამჟამინდელი თარიღია, მაგრამ არსებობს ინფორმაცია, რომ ანგარიშის თარიღმა გადმოიწიოს და ოქტომბრის პირველ ორ კვირაში წარმოადგინონ. რაც შეეხება საქართველოს, მიუხედავად ყველაფრისა, თქვენ მაინც მიიღებთ დადებით შეფასებას და საბოლოოდ მოგანიჭებენ კანდიდატის სტატუსს მკაცრი დათქმებით, რათა მომავალში გაიხსნას გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები. არ გამოვრიცხავ, რომ იყოს დათქმები საგარეო პოლიტიკის მიმართულებითაც, რადგან ევროკავშირში ბევრი ქვეყანა იმედგაცრუებულია იმ ფაქტით, რომ საქართველო ევროკავშირის სანქციებს რუსეთთან მიმართებაში არ უერთდება. ეს შესაძლოა, კიდევ ერთ პირობა იყოს".  - TV პირველის ცნობით, თქვა იოზვიაკმა. 


რიკარდ იოზვიაკი გუშინ X-ზე (ყოფილი Twitter) წერდა, ევროკომისიის გაფართოების ანგარიშები 31 ოქტომბერს გამოქვეყნდება. 

2022 წლის ზაფხულში ევროკავშირმა ევროკომისიის რეკომენდაციის საფუძველზე უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს - არა. ევროკომისია რეკომენდაციას უწევს, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც 12-პუნქტიანი პირობები შესრულდება. ამ პირობებს შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, სასამართლოს დამოუკიდებლობა, ანტიკორუფციული რეფორმა, მედიის თავისუფლება. 

რეკომენდაციების გაცემიდან ერთი წლის შემდეგ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა საქართველოში ვიზიტისას აღნიშნა, რომ 12 რეკომენდაციიდან სრულად მხოლოდ 3 შესრულდა, დანარჩენი 9 პროცესშია.

კომენტარები