ელენე ხოშტარიას საქმე

ექიმი: ხოშტარიას გასინჯვა ბოლომდე ვერ მოხერხდა ძლიერი ტკივილების გამო

ექიმმა მაკა იოსელიანმა პენიტენციურ დაწესებულებაში პარტია დროას ლოდერი, ელენე ხოშტარია მოინახულა. მისი თქმით, ხოშტარიას გასინჯვა ბოლომდე ვერ მოხერხდა ძლიერი ტკივილების გამო, პაციენტს გაუჭირდა სამედიცინო მაგიდაზე დაწოლაც კი.

ექიმის ინფორმაციით, 2024 წლის დიაგნოზი არის რადიკალურად შეცვლილი, დამატებულია წვრილი სახსრები, ხერხემლის, კერძოდ მისი მნიშვნელოვანი ნაწილის გავა-თეძო სახსრის ანთება.

"დღეს მოვინახულე პაციენტი ელენი ხოშტარია. მანამდე, როგორც შევძელი, გავეცანი წინაარსებულ მოვლენებს, ანამნეზს. დაწყებული, სავარაუდოდ, 2024 წლიდან პაციენტის გასინჯვის შედეგად გამოვლინდა რამდენიმე სახსრის დაზიანება როგორც პერიფერიული, ასე ცენტრალური. რა იგულისხმება? საუბარი არის რამდენიმე სახსარზე, მათ შორის წვრილ სახსრებზე, ფალანგები, მუხლები, მენჯ-ბარძაყები, რომელთა ნაწილის გასინჯვა ბოლომდე ვერ მოხერხდა, მიუხედავად პაციენტის მცდელობისა, ძლიერი ტკივილის გამო.

რადიოლოგიურ კვლევას გავეცანი, რომელიც ჩატარებულია 2026 წლის აპრილის თვეში, იქ ვლინდება რევმატიული დაავადებისთვის დამახასიათებელი ცვლილებები, გავა-თეძოს სახსრის ანთება არის აღწერილი. ზოგადად, არის ძლიერი ტკივილი, პაციენტს უჭირს გადაადგილება დამოუკიდებლად, ხმარობს ხელჯოხს. უჭირს, თუმცა ასრულებს გარკვეულ მოძრაობებს, თვითმომსახურეობას... აი, ამ მონაცემების მიხედვით, ვთქვათ, რევმატიულ პათოლოგიაზე საუბარი არის ანთებით, სახსროვან პათოლოგიაზე, რომელიც, სავარაუდოდ, პროგრესირებს იმიტომ, რომ 2024 წელს იყო მხოლოდ პერიფერიული სახსრები, იგულისხმება მუხლი, მხარი, არ ყოფილა წვრილი სახსრები და, რაც მთავარია, არ იყო გავა-თეძოს სახსარი, რაც რევმატოლოგიისთვის რადიკალურად ცვლის დიაგნოზს.

ანუ 2024 წელს თურქი კოლეგების მიერ იმიტომ, რომ ვერ შესრულდა, სრულად სურათი არ იყო, დიაგნოზი დაისვა რეაქტიული ართრიტი, ახლა რადიკალურად შეცვლილია და კიდევ ვიმეორებ, დამატებულია პერიფერიული სახსრები, წვრილის სახსრები და რაც ძალიან ცვლის, რადიკალურად ცვლის დიაგნოზს, ეს გახლავთ ხერხემლის, კერძოდ მისი მნიშვნელოვანი ნაწილის გავა-თეძო სახსრის ანთება, რომელსაც სამედიცინო ენაზე ქვია საკროილეიტი." - თქვა ექიმმა.

მაკა იოსელიანის შეფასებით, აუცილებელია გამოკვლევების ჩატარება, რისთვისაც საჭიროა რამდენიმე სპეციალისტთან კონსულტაცია, რათა დადგინდეს 2024 წელს თურქეთში მკურნალობის შემდეგ დღეს რა სიტუაციაა.

"ამით ეს პრობლემა არ მთავრდება იმიტომ, რომ ისევ 2024 წელს დაფიქსირებული არის აუტოიმუნური ჰემოლიზური ანემიის არსებობა, ისევ თურქეთის რესპუბლიკაში, თურქი კოლეგების მიერ, რომლის შემდგომაც დაიწყო ართრიტი, რომლის შემდგომაც დიაგნოზი გარდა აუტოიმუნური ჰემოლიზური ანემიისა, განისაზღვრა, როგორც რეაქტიული ართრიტი.

კიდევ ვიმეორებ, იმ პერიოდში არ იყო ხერხემლის დაზიანება. ამავე პერიოდში იყო გარკვეულ ინფექციებზე საუბარი და ამ ინფექციებზე ჩატარდა მკურნალობა. პრობლემა ამ შემთხვევაში გახლავთ ის, რომ სპონდილოართრიტი, რომლის ალბათობა არის მაღალი, ეს გახლავთ მხოლოდ და მხოლოდ წინასწარი დიაგნოზი. მანამდე, სანამ საბოლოოდ ჩამოყალიბდება წინასწარი დიაგნოზი, ვერიფიცირდება როგორც საბოლოო დიაგნოზი, აუცილებელია, გადახედილი იქნეს ჰემოლიზური, ავტოიმუნური ჰემოლიზური არსებობის ანუ ეპიზოდის, ვთქვათ, შესაძლებლობა ამ შემთხვევაში.

ერთი რამ კიდევ, გარკვეულ პერიოდში 2024 წელს საუბარი არის ფილტვის დაზიანებაზე, რომლის ასევე სრული ვერიფიცირება ვერ მოხდა ანუ საუბარი არის, სავარაუდოდ, მაშინ ფილტვის დაზიანებაზე. ეს ყველაფერი აუცილებელს ხდის გამოკვლევების ჩატარებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩატარდეს რამდენიმე სპეციალისტის კონსულტაცია გარდა რევმატოლოგისა, რომელიც უკვე ჩატარდა. ეს გახლავთ კონსულტაცია ინფექციონისტის, ჩატარდეს ასევე პულმონოლოგის კონსულტაცია და უამრავი კვლევა, რომელმაც აუცილებელია, განსაზღვროს აქ რევმატიული აუტოიმუნური დაავადება არის მხოლოდ, მაგალითად, მანკილოზირებელი სპონდილოართრიტი, თუ რა როლს თამაშობს აქ აუტოიმუნური ჰემოლიზური ანემია, რომელიც თურქეთის რესპუბლიკაში მოიხსნა მხოლოდ და მხოლოდ მაღალი დოზა ჰორმონის გამოყენების შემდეგ და ვთქვათ, ამ წუთში რა სიტუაცია გვაქვს.

ეს, კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, რომ შეუძლებელია, ჩატარდეს ერთი სპეციალისტის მიერ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ პრაქტიკულად ძალიან ძნელი იყო პაციენტის გასინჯვა, მიუხედავად მისი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მონდომებისა და ეს გაძნელება იყო ტკივილის გამო. პაციენტი სამედიცინო მაგიდაზე გასინჯვის დროს ვერ დაწვა, გაუძნელდა დაწოლა, ვერ გავსინჯეთ ამ ტკივილის გამო, ვერც გავა-თეძოს სახსარი და ვერ შევაფასე ვერც მენჯ-ბარძაყის სახსრის მოძრაობა ბოლომდე, ძლიერი ტკივილის გამო." - აცხადებს ექიმი.

იოსელიანის აზრით, კვლევები უნდა ჩატარდეს მულტიპროფილურ კლინიკაში, რათა გამოირიცხოს ყველა შესაძლო ვარიანტი და განისაზღვროს რისკები. მისი თქმით, მხოლოდ ის მკურნალობა, რაც ხოშტარიამ თურქეთში დაიწყო და საქართველოში გააგრძელა, არ იქნება საკმარისი. მკურნალობას დაავადების მამოდიფიცირებელი პრეპარატებით, რომლებიც ეფექტურია, თუმცა რისკებთანაა დაკავშირებული, არცერთი რევმატოლოგი არ დაიწყებს, სანამ სრული გამოკვლევა არ ჩატარდება.

"ვფიქრობ, რომ ეს არგუმენტები, ვთქვათ, მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩატარდეს კვლევა მულტიპროფილურ კლინიკაში. ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა, იმიტომ, რომ გამოირიცხოს ყველა შესაძლო ვარიანტი, დაითვალოს ყველა რისკი, სანამ დაიწყება, თუკი დადასტურდა მხოლოდ და მხოლოდ მანკილოზირებელი სპონდილიტის არსებობა და სხვა გარემოებები ამ შემთხვევაში ხელს არ შეუშლის ამ დაავადების მკურნალობას. აქ მხოლოდ და მხოლოდ ის მკურნალობა, რაც იყო თურქეთის რესპუბლიკაში ჩატარებული და რომელიც გრძელდებოდა მერე პაციენტის მიერ საქართველოში, არ იქნება ეფექტური. ევროპის რევმატიზმის საწინააღმდეგო ლიგის (EULAR) და ACR-ის, ამერიკის რევმატოლოგთა ასოციაციის რეკომენდაციით, ეგრეთწოდებული დაავადების მამოდიფიცირებელი პრეპარატები, ბიოლოგიური პრეპარატები, რომელიც ეფექტურია, თუმცა მრავალ რისკთან არის დაკავშირებული და არცერთი ქვეყნის რევმატოლოგი ამ მკურნალობას არ დაიწყებს და ვერ დაიწყებს, სანამ სრული გამოკვლევა არ ჩატარდება." - აცხადებს ექიმი მაკა იოსელიანი.


რეჟიმის პატიმრის, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ადვოკატის მიერ 17 ივნისს გაკეთებული განცხადების თანახმად, ციხეში ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

შოთა თუთბერიძის განცხადებით, კონსულტაცია გაიარეს თურქეთში ხოშტარიას მკურნალ ექიმებთან, რომელთა შეფასებითაც, "სათანადო მკურნალობის გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა, ელენეს ჯანმრთელობას მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი. მაგალითად, ვეღარ შეძლოს ეტლის გარეშე გადაადგილება".

ადვოკატის განცხადებას პენიტენციურმა სამსახურმა უპასუხა და დაწერა, რომ თუთბერიძის განცხადება დეზინფორმაციაა და ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა "რაიმე სახით ან ფორმით" არ გაუარესებულა.

უწყება წერს, რომ ხოშტარია ყველა სამედიცინო სერვისით სარგებლობს.

თავის მხრივ, პენიტენციური სამსახურის განცხადებას ელენე ხოშტარიას პარტია დროამ უპასუხა.

პარტიის განცხადებით, ხოშტარიასთან კომუნიკაცია დაწესებულების ექიმმა და დირექტორმა ადვოკატის პრესკონფერენციის შემდეგ დაამყარეს. პარტია დროა პენიტენციურ სამსახურს ტყუილში ადანაშაულებს.

შეგახსენებთ, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის "დაზიანებისთვის" პარტია დროას ლიდერს ელენე ხოშტარიას 1 წლით და 6 თვით პატიმრობა 24 მარტს მიუსაჯეს. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოიტანა.

ხოშტარია 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას 5 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა, რომლის გადახდაზეც უარი განაცხადა.

კომენტარები