სოხუმის დაცემა

გაგლოევი სოხუმის დაცემის წლისთავთან დაკავშირებით აფხაზეთში ჩავა

TASS

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დელეგაცია მარიონეტი ლიდერის, ალან გაგლოევის ხელმძღვანელობით აფხაზეთში ჩავა და ომის დასრულების 30 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრება.

მასთან ერთად დელეგაციაში ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ახსარ ჯიოევი, ე.წ. თავდაცვის მინისტრი, მარატ პავლოვი და ე.წ. პარლამენტარებიც იქნებიან.

გაგლოევის პრესსამსახურის ცნობით, დაგეგმილია შეხვედრა აფხაზეთის მარიონეტ ლიდერთან, ასლან ბჟანიასთანაც.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, 30 სექტემბერს სოხუმში რუსეთის დელეგაციაც ჩავა.


გუშინ, 27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა. 

აფხაზეთში საომარი მოქმედებები 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. 1993 წლის 16 სექტემბერს, სეპარატისტებმა 27 ივლისის სამშვიდობო შეთანხმება დაარღვიეს და სოხუმის შტურმი დაიწყეს. შეთანხმების თანახმად, რომლის შესრულების გარანტი რუსეთის ფედერაცია იყო, ქართულმა ძალებმა სოხუმიდან მძიმე ტექნიკა და არტილერია გაიყვანეს. შესაბამისად, შეტევას ქალაქი დაუცველი შეხვდა.

საბრძოლო მოქმედებების მთელი პერიოდის განმავლობაში, სეპარატისტებს დახმარებას უწევდა რუსული სამხედრო ავიაცია, ინსტრუქტორები და სპეცრაზმის ცალკეული ქვედანაყოფები. სეპარატისტ მებრძოლთა რიგებში დიდი რაოდენობით იბრძოდნენ რუსეთის მოქალაქეები, დაქირავებულებისა და მოხალისეების სახით.

27 სექტემბერს, საქართველოს ძალები იძულებულნი გახდნენ, ქალაქი დაეტოვებინათ. სეპარატისტებმა და მათმა დამხმარე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შტურმით აიღეს აფხაზეთის მთავრობის შენობა და ტყვედ აიყვანეს მთავრობის წევრები. მათი ნაწილი, მათ შორის მთავრობის თავმჯდომარე ჟიული შარტავა დახვრიტეს.

სეპარატისტებმა აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე კონტროლი 30 სექტემბერს დაამყარეს.

კომენტარები