სოხუმის დაცემის დღე

სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა

სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა. საქართველოს პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციისა და სამინისტროების შენობებზე ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად დროშები დაეშვა.

აფხაზეთში საომარი მოქმედებები 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. 1993 წლის 16 სექტემბერს, სეპარატისტებმა 27 ივლისის სამშვიდობო შეთანხმება დაარღვიეს და სოხუმის შტურმი დაიწყეს. შეთანხმების თანახმად, რომლის შესრულების გარანტი რუსეთის ფედერაცია იყო, ქართულმა ძალებმა სოხუმიდან მძიმე ტექნიკა და არტილერია გაიყვანეს. შესაბამისად, შეტევას ქალაქი დაუცველი შეხვდა.

საბრძოლო მოქმედებების მთელი პერიოდის განმავლობაში, სეპარატისტებს დახმარებას უწევდა რუსული სამხედრო ავიაცია, ინსტრუქტორები და სპეცრაზმის ცალკეული ქვედანაყოფები. სეპარატისტ მებრძოლთა რიგებში დიდი რაოდენობით იბრძოდნენ რუსეთის მოქალაქეები, დაქირავებულებისა და მოხალისეების სახით.

27 სექტემბერს, საქართველოს ძალები იძულებულნი გახდნენ, ქალაქი დაეტოვებინათ. სეპარატისტებმა და მათმა დამხმარე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შტურმით აიღეს აფხაზეთის მთავრობის შენობა და ტყვედ აიყვანეს მთავრობის წევრები. მათი ნაწილი, მათ შორის მთავრობის თავმჯდომარე ჟიული შარტავა დახვრიტეს.

სოხუმის დაცემის მოლოდინში მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილმა ქალაქი საზღვაო გზით დატოვა, ძირითადი ნაწილი კი კოდორის ხეობის მიმართულებით დაიძრა, სადაც ასეულობით დევნილი სიცივითა და შიმშილით დაიღუპა.

სეპარატისტებმა აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე კონტროლი 30 სექტემბერს დაამყარეს.

ოფიციალური მონაცემებით, აფხაზეთის ომში 5 738 მშვიდობიანი ქართველი დაიღუპა, მათ შორის 800 ქალი და 50 ბავშვი. 300 000-მდე ქართველი იძულებული გახდა, საკუთარი სახლიდან გამოქცეულიყო. იმის გამო, რომ საქართველოს სახელმწიფო უწყებებს მონაცემების შესაგროვებლად უკიდურესად შეზღუდული რესურსი ჰქონდათ, სავარაუდოდ, დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ოფიციალურ რიცხვებს მნიშვნელოვნად აღემატება.

აფხაზეთში ეთნიკური წმენდის ფაქტი აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. მრავალწლიანი მოლაპარაკებებისა და გაერო-ს მიერ მიღებული რეზოლუციების მიუხედავად, კონფლიქტი ისევ მოუგვარებლად რჩება. ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი დღემდე უარს აცხადებს დევნილების დაბრუნებაზე.

27 სექტემბერს, 20:00 საათზე, ევროპული საქართველო და თავისუფლების ინსტიტუტი პარლამენტის წინ ღონისძიებას გამართავენ, სადაც ხალხს ქართველთა გენოციდის მტკიცებულებებსა და გენოციდში უშუალოდ მონაწილე რუს სამხედროებს წარუდგენენ.

"საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე დიდი ტრაგედიიდან 30 წელი სრულდება. 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემა იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ქართველების წინააღმდეგ რუსეთის ერთწლიანი სისხლიანი სამხედრო კამპანიის კულმინაცია. 27 სექტემბერს დახვრიტეს სოხუმში დარჩენილი ქართული ადმინისტრაციის ყველა წარმომადგენელი, ეთნიკურად ქართველ მშვიდობიან მოსახლეობას კი გენოციდი მოუწყეს. 

ეს დღე გვავალდებულებს, პატივი მივაგოთ უზარმაზარ მსხვერპლს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა 30 წლის წინ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფლებისთვის გაიღეს და მუდამ გვახსოვდეს ჩვენი დაუძინებელი მტრის ვინაობა, რომელმაც ქართველებს ბოლო 30 წლის განმავლობაში რამდენჯერმე მოგვიწყო ეთნიკური წმენდა და გენოციდი. 

27 სექტემბერს, 20:00 საათზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გიწვევთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც ეროვნული ღირსების საკითხად მიაჩნია ქართული სახელმწიფოს და მთელი ცივილიზებული სამყაროს მიერ აფხაზეთში ჩადენილი საკაცობრიო დანაშაულების გენოციდად შეფასება. 

როგორც შეკრების მონაწილეებს, ისე მთელ საზოგადოებას ვუჩვენებთ ჩვენ მიერ იდენტიფიცირებულ რუს სამხედროებს, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ქართველების გენოციდში და რომელთა ნაწილი დღეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაში მონაწილეობს. 

სოხუმის დაცემიდან 30 წლის შემდეგ არ უნდა დავივიწყოთ აფხაზეთიდან დევნილი ქართველები, რომლებსაც რუსეთმა ყველაფერი წაართვა და ეთნიკური ნიშნით წამებისა და მკვლელობის მუქარით საკუთარი სახლებიდან გაქცევა აიძულა. 

საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს მორალური და სამოქალაქო პასუხისგმებლობა, გენოციდად ვცნოთ ქართველების მიმართ რუსეთის მიერ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ვაღიაროთ და მივიღოთ ჩვენი თანამოქალაქეების ისტორიული სიმართლე და გადავდგათ ნაბიჯი 30 წლის განმავლობაში უგულებელყოფითა და გულგრილობით გამოწვეული გაუცხოების აღმოსაფხვრელად". - წერენ ორგანიზატორები.

კომენტარები