საქართველო-რუსეთი

დავითულიანი ლავროვზე: ამით ცდილობს დააზიანოს საქართველოს მოქმედი მთავრობა

ბექა დავითულიანი
საქართველოს პარლამენტი

დეპუტატი, ქართული ოცნების წევრი ბექა დავითულიანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას ეხმაურება და უარყოფს მთავრობის წევრების მოლაპარაკებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან:

"არანაირი მოლაპარაკება ამ საკითხზე არ ყოფილა, საქართველოსა და რუსეთის მთავრობას შორის მოლაპარაკებები არ მიმდინარეობდა, შესაბამისად, ლავროვი ცდილობს, რომ საჰაერო ტრანსპორტის ინსტიტუციების დონეზე მიღებული გადაწყვეტილებები, მაგალითად თვითმფრინავი რომ დაჯდეს, საქართველოს მთავრობას შორის მოლაპარაკებად გაასაღოს და ამით დააზიანოს საქართველოს მოქმედი მთავრობა, იმიტომ რომ მან იცის, რომ მისი ყოველი პოზიტიური შეფასება საქართველოში არის ნეგატიურად აღქმული და ეს ასეა", - განაცხადა  დავითულიანმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობასთან შეათანხმეს. გასულ თვეებში ქართულ ოცნებაში ირწმუნებოდნენ, რომ მოსკოვის გადაწყვეტილება ცალმხრივი იყო. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.

"როდესაც ჩვენ დავინახეთ, რომ თბილისის ამჟამინდელ ხელისუფლებას აინტერესებდა ურთიერთობის ნორმალიზაცია, თუნდაც უბრალო ადამიანების ინტერესებისთვის, რომლებსაც სურთ ერთმანეთთან კავშირი, სტუმრობა, ტურისტებად ჩვენი ქვეყნების მონახულება, ბიზნესის წარმოება, საბოლოო ჯამში, რაც ტრადიციულად აკავშირებდა ჩვენს ეკონომიკურ სისტემებს, ჩვენ შევთანხმდით ბატონი ღარიბაშვილის მთავრობასთან ფრენების განახლებასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე, რადგან უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის უკვე ძალიან დიდი ხანი არსებობს და ჩვენი ბევრი მოქალაქე მას იყენებს. მაგრამ ახლა, საქართველოს მოქალაქეებისთვისაც ორმხრივი უვიზო რეჟიმისა და საჰაერო კავშირების დამყარების საფუძველზე, რა თქმა უნდა, ჩვენი კავშირები უფრო მოსახერხებელი, უფრო კომფორტული ხდება". – თქვა ლავროვმა.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის 10 მაისის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.

კომენტარები