საქართველო-რუსეთი

ლავროვი: ფრენების აღდგენასა და ვიზების გაუქმებაზე ღარიბაშვილის მთავრობასთან შევთანხმდით

REUTERS/Maxim Shemetov/Pool

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობასთან შეათანხმეს. გასულ თვეებში ქართულ ოცნებაში ირწმუნებოდნენ, რომ მოსკოვის გადაწყვეტილება ცალმხრივი იყო.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.

"როდესაც ჩვენ დავინახეთ, რომ თბილისის ამჟამინდელ ხელისუფლებას აინტერესებდა ურთიერთობის ნორმალიზაცია, თუნდაც უბრალო ადამიანების ინტერესებისთვის, რომლებსაც სურთ ერთმანეთთან კავშირი, სტუმრობა, ტურისტებად ჩვენი ქვეყნების მონახულება, ბიზნესის წარმოება, საბოლოო ჯამში, რაც ტრადიციულად აკავშირებდა ჩვენს ეკონომიკურ სისტემებს, ჩვენ შევთანხმდით ბატონი ღარიბაშვილის მთავრობასთან ფრენების განახლებასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე, რადგან უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის უკვე ძალიან დიდი ხანი არსებობს და ჩვენი ბევრი მოქალაქე მას იყენებს. მაგრამ ახლა, საქართველოს მოქალაქეებისთვისაც ორმხრივი უვიზო რეჟიმისა და საჰაერო კავშირების დამყარების საფუძველზე, რა თქმა უნდა, ჩვენი კავშირები უფრო მოსახერხებელი, უფრო კომფორტული ხდება". – თქვა ლავროვმა.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ ახლო მომავალში საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები აღდგეს, ლავროვმა უპასუხა, რომ ეს ურთიერთობები გაწყვიტა "სააკაშვილის რეჟიმმა".

"რეისების რაოდენობა იზრდება, პირდაპირი რეისების გეოგრაფიაც ფართოვდევა, იზრდება სავაჭრო ბრუნვაც. აქ ძალიან პოპულარულია ბევრი ქართული ტრადიციული ექსპორტული საქონელი: ღვინო, ბორჯომი და ბევრი სხვა". – დაამატა ლავროვმა.

ამას გარდა, ლავროვი ირწმუნება, რომ ქართველი ხალხი "ნამდვილად უყვართ", ისე, "როგორც კავკასიის სხვა ერები".

გასულ თვეებში ქართული ოცნების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება ცალმხრივი იყო.

მაგალითად, მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე 10 მაისს ამბობდა

"შეეხება ჩვენს პოზიციას, ჩვენ ვამბობთ ერთ რამეს, ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება თავის დროზე, თუ ეს სასჯელი მოიხსნება ჩვენი თანამოქალაქეებისა და თანამემულეებისთვის, ეს მისასალმებელი იქნება, ეს მათ მდგომარეობას შეუმსუბუქებს, როგორც დაუმძიმა საპირისპირო გადაწყვეტილებამ 2019 წელს, ასე შეუმსუბუქებს მათ 2023 წელს საპირისპირო გადაწყვეტილება".

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის 10 მაისის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.

კომენტარები