იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის

ბოკერია: 30 წლის წინ რუსეთმა აფხაზეთში გენოციდი მოაწყო, 20:00-ზე ამის მონაცემებს წარვადგენთ

დღევანდელი დღე ყველაზე მძიმე დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში. 30 წლის წინ რუსეთმა განახორციელა სამხედრო აგრესია და შემდეგ მოაწყო ქართველების გენოციდი აფხაზეთში. სამწუხაროდ, მაშინ ბევრი ფაქტორის გამო ძირითადად ეს შეფასდა უბრალოდ ეთნიკურ კონფლიქტად, რაც რუსეთის ინტერესებში შედიოდა.

ეს იყო უსამართლობა მსხვერპლის მიმართ და საქართველოს ეროვნული ინტერესების საზიანო მიდგომა, რომელიც იყო დამკვიდრებული. დღეს დაგვიანებით, თუმცა მაინც, როცა თავისუფალი სამყაროს პოზიცია ამ ბოროტების მანქანის, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ შეიცვალა და მყარი ხდება, ეს არის შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ ეს სიმართლე ახლა, დაგვიანებით მაინც გაიტანოს.

ეს არის მორალურად აუცილებელი იმ ადამიანების წინაშე, ვინც ამ ყველაფერს შეეწირა და ეს არის ჩვენს სტრატეგიულ ეროვნულ ინტერესებში - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და თავისუფლების.

ჩვენი დამატებითი გამოწვევაა, რომ დღეს არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ამ ეროვნულ ინტერესს გაატარებდა, თუმცა სანამ ამ უზარმაზარ პრობლემას მოვაგვარებთ დემოკრატიული გზით, მანამდე საზოგადოებრივი ჯგუფების მოვალეობაა, რომ რაც შეუძლია, ის ყველაფერი გააკეთონ ამ მიმართულებით.

სწორედ ამიტომ, ევროპულ საქართველოს, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად უკვე ერთ წელზე მეტია გვაქვს გენოციდის აღიარების კამპანია, რათა შეგროვდეს მონაცემები საერთაშორისო ასპარეზზე გასატანად და ქვეყნის შიგნით საკუთარ თავს შევახსენოთ, თუ რას ნიშნავდა რუსეთთან პირისპირ დარჩენა, როდესაც არც ნატოსა და ევროკავშირის გაფართოების საკითხი არ იდგა და რუსეთმა გადაგვიარა, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობის დასამხობად და ეს გააკეთა გენოციდის გზით.

დღეს, 20:00 საათზე, პარლამენტის წინ გვექნება ყველა იმ მონაცემის წარმოდგენა, რაც დამატებით შეგროვდა ღია წყაროებით. ასევე წარმოგიდგენთ კონკრეტულ სამხედრო დამნაშავეებს რუსეთის ოფიციალური შეიარაღებული ნაწილებიდან და სხვა მტკიცებულებებს, რომ ეს იყო გენოციდი და ეთნიკური წმენდა. ბევრმა შეიძლება თქვას, რომ ეს ისედაც ვიცით, ეს არ არის საკმარისი, ჩვენ გვჭირდება ამ ამბის გამყარება და როცა გვეყოლება ნორმალური, არაპუტინისტური სულისკვეთების ხელისუფლება, ეს ჩვენი საერთაშორისო კამპანიის მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა გახდეს.

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია, მან პარტიის სხვა ლიდერებთან და წევრებთან ერთად, აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალს პატივი მიაგო.

კომენტარები