საპენსიო რეფორმა

საპენსიო სესხის ჩამოწერა, ასაკის დაწევა – ვაშაძის თქმით, პენსიონერთა ფორუმი გაიმართება

სტრატეგია აღმაშენებლის თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პარლამენტში პენსიონერების საინიციატივო ჯგუფს შეხვდნენ. ორი პარტიის გაერთიანების, გამარჯვების პლატფორმის ცნობით, შეხვედრის მთავარი საკითხი 350 000-მდე პენსიონერისთვის საპენსიო სესხის გაუქმება და საპენსიო ასაკის დაწევა იყო.

პლატფორმის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, სწორედ ამ თემების გარშემო 30 სექტემბერს პენსიონერთა ფორუმი გაიმართება, სადაც მიღებულ გადაწყვეტილებებ მოქალაქეებს საჯაროდ აცნობებენ.

“შაბათს, 11 საათზე, გაიმართება პირველი პენსიონერთა ფორუმი, სადაც იქნება კონკრეტული საკითხები დაყენებული, რომელიც პენსიონერებს აწუხებს. ეს მოთხოვნები ეხება საპენსიო სესხს, რომ ჩამოიწეროს - ამის რესურსი ბიუჯეტში არის, ასევე, მეორე მამაკაცებისთვის საპენსიო ასაკის დაწევას“- განაცხადა ვაშაძემ.

რამდენიმე თვის წინ ტაბულამ ქართული პოლიტიკური პარტიებისგან ინტერვიუები აიღო არსებული საპენსიო სქემის პრობლემებისა და მათი გადაჭრისთვის საჭირო რეფორმების ხედვების შესახებ. 

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა წარადგინა, რომლის თანახმადაც საპენსიო ასაკმა უნდა დაიწიოს და ყველასთვის 60 წელი გახდეს. ამასთან, პარტიაში მიაჩნიათ, რომ მინიმალური პენსია 400 ლარიდან უნდა დაიწყოს. ტაბულამ სცადა ენმ-სთვის მათი ინიციატივის შესახებ დამატებითი კითხვების დასმა, დაგროვებით სისტემაზე პოზიციის და რეფორმირების ხედვის გაგება, თუმცა პარტიამ ინტერვიუზე უარი თქვა.

სტრატეგია აღმაშენებლის მიერ მოწოდებულ პასუხში კი, საპენსიო სქემის რეფორმის შესახებ პასუხი არ ყოფილა.

კომენტარები