საპენსიო რეფორმა

საპენსიო რეფორმა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები

საპენსიო რეფორმა

საპენსიო რეფორმა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები

2018 წელს გატარებული საპენსიო რეფორმის ამოქმედებიდან თითქმის 5 წელი გავიდა. უკანასკნელ წლებში დაგროვებითი პენსიის ახალ სისტემაში, გარდა თეორიულისა, არაერთი პრაქტიკული პრობლემა გამოიკვეთა. 

რა არის დაგროვებითი პენსია?

2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა. ამავე კანონის საფუძველზე სპეციალური საპენსიო სააგენტოც შეიქმნა, რომელიც დასაქმებულისა და დამსაქმებლის მიერ გამომუშავებულ თანხას გარკვეულ საპროცენტო განაკვეთს დაარიცხავს და ამ თანხას დასაქმებულს საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ უკან დაუბრუნებს.

საპენსიო სქემაში ერთვება ყველა მოქალაქე, რომელიც ანაზღაურებას საკონტრაქტო ურთიერთობის შედეგად იღებს. იმ პირებისთვის, ვინც 2018 წლის 1აგვისტომდე გახდა 40 წლის, სისტემაში გაწევრიანება ნებაყოფლობითია, ხოლო 40 წელს მიუღწეველი დასაქმებულები ვალდებულები არიან კანონის ამოქმედებისთანავე ჩაერთონ დაგროვებით საპენსიო სისტემაში. საპენსიო სქემაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია თვითდასაქმებულებისთვის.

დაგროვებით პენსიაში მონაწილე მოქალაქეს ხელფასიდან ეჭრება მთლიანი ანაზღაურების 2%, 2%-ის გადახდის ვალდებულება აქვს მის დამსაქმებელსაც, ხოლო 2%-ს იხდის სახელმწიფო. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო საპენსიო სისტემის მონაწილეს ბიუჯეტიდან 2%-ს ურიცხავს იმ შემთხვევაში, თუ მისი მთლიანი დარიცხული ხელფასის ჯამური ოდენობა 24 000 ლარზე მეტი არ არის. თუ დასაქმებულის წლიური ჯამური ხელფასი 24 000 ლარზე მეტი და 60 000 ლარზე ნაკლებია, მას ბიუჯეტიდან 1% ერიცხება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ წლიური ანაზღაურება 60 000 ლარზე მეტია, სახელმწიფო საპენსიო სისტემის მონაწილეს თანხას არ ურიცხავს.

კანონის მიხედვით, სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში, დაგროვებითი პენსიის სისტემის მონაწილეს საპენსიო ანგარიში უნარჩუნდება. მუშაობის ხელახლა დაწყების შემდეგ, პირველი ხელფასის ჩარიცხვისთანავე, მას შეუძლია ანგარიშზე ფულის შეტანა დაიწყოს. იმ პერიოდში, როდესაც პირი დასაქმებული არ არის, სახელმწიფო შენატანს არ აკეთებს.

გარდა ამისა, პირის გარდაცვალების შემთხვევაში, მის მიერ დაზოგილი თანხა მის მემკვიდრეს გადაეცემა. კანონი ასევე იძლევა შესაძლებლობას დაზოგილი თანხა მონაწილემ ნაადრევად მიიღოს თუ იგი შშმ პირი გახდება. დაზოგილი თანხის ნაადრევად მიღების უფლება ასევე ეძლევა მონაწილეს, თუ იგი საქართველოს სამუდამოდ დატოვებას გადაწყვეტს.

რეფორმის გამოწვევები

2023 წლის მარტში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს საპენსიო რეფორმაზე კვლევა გამოაქვეყნა, სადაც განხილულია დაგროვებითი საპენსიო სისტემის რეფორმა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები. რეფორმის თავდაპირველი შინაარსისგან დამოუკიდებლად, რომელიც თავისთავად არაერთ ეჭვს აჩენს, ორგანიზაციის ცნობით, საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ დაგროვებითი პენსიის რეფორმა, რომელიც 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა, არ შედგეს. მათი განმარტებით, საპენსიო აქტივების მართვის შეცდომების გადასახადის გადამხდელების ფულით დაკომპენსირების უფლება თავს შეიძლება ეკონომიკურად ბევრად განვითარებულმა ქვეყნებმა მისცენ, თუმცა არა საქართველომ.

IDFI-ი რეფორმასთან მიმართებით 4 მთავარ გამოწვევას ასახელებს, მათ შორის: საპენსიო სააგენტოს დამოუკიდებლობას, განთავსების რისკიანობასა და საპენსიო კანონში ცვლილებებს, საპენსიო ასაკსა და სახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფის ტვირთს. 

საპენსიო სააგენტოს დამოუკიდებლობა

ორგანიზაციის განმარტებით, საპენსიო დანაზოგების ინვესტირებაზე გადაწყვეტილებას მხოლოდ საპენსიო სააგენტო უნდა იღებდეს და მასში მთავრობა არ უნდა მონაწილეობდეს. 

“საპენსიო სააგენტოს მთავარი ამოცანა საპენსიო დანაზოგების მაქსიმალურ ზრდაზე ორიენტირებული მართვაა (პირველ რიგში ინფლაციისგან დაცვა) და არა კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა, რისკენაც მას სხვადასხვა მხრიდან მოუწოდებენ. კაპიტალის ბაზრის განვითარების პერსპექტივა შეიძლება საპენსიო რეფორმის გვერდით შედეგად განვიხილოთ, ისევე როგორც, მაგალითად, ეროვნული ბანკისთვის არის ეკონომიკური ზრდა.  ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარება და საპენსიო დანაზოგების მაქსიმალურ ზრდაზე ორიენტირებული მართვა შეიძლება ურთიერთსაწინააღმდეგო  მიზნები (competing aims) იყოს, ანუ ერთმა შეიძლება ხელი შეუშალოს მეორეს, ისევე როგორც ინფლაციის დაჭერამ შეიძლება შეაფერხოს ეკონომიკური ზრდა”. - წერია ანგარიშში. 

განთავსების რისკიანობა

IDFI-ის განმარტებით, ერთ-ერთი მთავარი შეზღუდვა, რომელიც საპენსიო სააგენტოს აქვს არის ის, რომ გლობალურ ინსტრუმენტებში მას მხოლოდ 20%-ის განთავსება შეუძლია, შესაბამისად, პორტფელის მხოლოდ 20% შეიძლება იყოს დოლარში დენომინირებული, დანარჩენი კი ადგილობრივი ბაზრისთვის არის განკუთვნილი. გამოდის, რომ ₾2.5[3] მლრდ.-ზე მეტი (970 მლნ. აშშ დოლარზე მეტი) უნდა დაბანდდეს საქართველოში, მაშინ როცა კაპიტალის ადგილობრივი ბაზარი, განსაკუთრებით კი წილობრივი ფასიანი ქაღალდების, ასე განუვითარებელია. ქართული ბიზნესი სახსრების მოზიდვას ბანკების და არა ფინანსური ინსტრუმენტების გზით ცდილობს.

ხოლო იმ რისკების შესამცირებლად, რაც თავისთავად ახლავს თან დაგროვებით საპენსიო რეფორმას, მნიშვნელოვანია, რომ საპენსიო სააგენტომ მოახერხოს ინფლაციაზე დაწევა, რაც არც ისე მარტივია განსაკუთრებით პანდემიისა და მოგვიანებით, რუსეთ-უკრაინის ომისგან გამოწვეული კრიზისის ფონზე.

“საქართველოს საპენსიო დანაზოგების მომავალი დამოკიდებულია იმაზე საპენსიო სააგენტო როგორ გაართმევს თავს რისკიანობის ამ უმთავრეს დილემას, რის წინაშეც არაერთი ქვეყნის საპენსიო ფონდი დგას. აქვე ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მდიდარ ქვეყნებში საპენსიო ფონდების უკან  ხელშესახები ფისკალური რესურსი დგას, საქართველოში კი -- იმდენად მწირი, რომ საპენსიო დანაზოგების  გადასახადის გადამხდელების ფულით დაკომპენსირება წარმოუდგენელია. ამიტომ აქვს ღარიბი ქვეყნების საპენსიო აქტივების მმართველების შეცდომებს გაცილებით მაღალი ფასი, ვიდრე მდიდარი ქვეყნებისას”. - ვკითხულობთ კვლევაში.

საპენსიო ასაკი

საქართველოში საპენსიო ასაკი 65 წელია, თუმცა ქალებს პენსიაზე გასვლა 60 წლიდან შეუძლიათ. საქართველოში 2012-2022 წლებში ასაკით პენსიის მიმღებთა რიცხვი 125 440 ადამიანით (18.3%) გაიზარდა, მაშინ როდესაც ამავე პერიოდში ქვეყნის მოსახლეობა შემცირდა 50.7 ათასი ადამიანით, რაც მოსახლეობის 1%-იანი შემცირებაა. ხოლო პენსია, როგორც ბიუჯეტის ხარჯების წილი -16%-იდან 19%-მდე 1.817 მილიარდი ლარით, რაც 2023 წლის ხარჯების 21%-ს მიაღწევს. შესაბამისად, სოციალური საპენსიო სისტემის მდგრადობისთვის მნიშვნელოვანია, რომ დაიწიოს საპენსიო ასაკმა. 

ამას ამძაფრებს ისიც, რომ სულ უფრო და უფრო იზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, სადაც აცნობიერებენ, რომ პენსიონერების რაოდენობის ზრდა ტვირთად აწევს ეკონომიკას და აფერხებს მის განვითარებას. მაგალითისთვის, აშშ-ში სენტ-ლუისის ფედერალური ბანკის სარეზერვო საბჭოს მიხედვით, 2021 წლის ოქტომბერში ამერიკაში 3.3 მლნ.-ით მეტი პენსიონერი იყო, ვიდრე 20 თვით ადრე. Pew Research Centre-ის ცნობით კი, 55 წელზე უფროსი ასაკის ამერიკელების ნახევარზე მეტმა დატოვა სამუშაო ძალა, რაც 48%-ით აღემატება 2019 წლის მესამე კვარტლის იმავე მაჩვენებელს.

2013-2022 წლებში საპენსიო ასაკი გაიზარდა ნიდერლანდებში და 65-დან 67 წლამდე მიაღწია. როგორც ირკვევა, ნიდერლანდები სიცოცხლის საერთო ხანგრძლივობისა და დემოგრაფიული სურათის გათვალისწინებით, საპენსიო ასაკის კიდევ უფრო მეტად გაზრდასაც გეგმავს. ასევე, აქტიურად დაიწყო საპენსიო ასაკის ზრდის მიმართულებით მოძრაობა გერმანიაში, შვედეთში, ბელგიაში, იაპონიასა და ესპანეთში. გარდა ამისა, განიხილება დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში განიხილება საპენსიო წესების ცვლილება, რომ პენსიაზე გასულებს ჰქონდეთ სამსახურში დაბრუნების სტიმული. დიდმა ბრიტანეთმა უკვე დააინიცირა, რომ 2028 წლამდე საპენსიო ასაკის ზღვარი 66-დან (როგორც ქალებისთვის, ისე კაცებისთვის) 67 წლამდე გაიზრდება, ხოლო მოგვიანებით, 2046 წლამდე, ის კიდევ ერთხელ მოიმატებს და საბოლოოდ 68 წლამდე მიაღწევს.

სახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფის ტვირთი

რეფორმის ეს გამოწვევა განსაკუთრებით საინტერესოა იმ შემთხვევაში, თუ განხილვისას მას უფრო კომპლექსურად დავინახავთ - შევეხებით არა მხოლოდ დაგროვებით პენსიას, არამედ სოციალური პენსიასა და ზოგადად სახელმწიფოს სოციალურ პოლიტიკას, როგორც ეკონომიკაზე დაწესებულ ტვირთს. 

სოციალური (საბაზო) პენსია განაგრძობს ზრდას, რაც აფერხებს ეკონომიკურ ზრდას. რეალურად, დაგროვებითი საპენსიო სისტემის ერთადერთი არადეკლარირებული გამართლება შეიძლება იყოს ის, რომ როცა სახელმწიფო პენსიის მიმღებთა უმრავლესობა იმავდროულად დაგროვებითი საპენსიო სისტემის ბენეფიციარი იქნება,  სახელმწიფო პენსია აღარ გაიზარდოს ან აღარ გაიზარდოს იმ ტემპით, როგორც ამ რეფორმის გარეშე გაიზრდებოდა. სოციალური (საბაზო) პენსიის მუდმივი ზრდა საგადასახადო შემოსავლების ზრდის პარალელურად აფერხებს ეკონომიკურ ზრდას და ქვეყნის განვითარებას.

მეორე მხრივ, გვაქვს ნდობის ფაქტორიც. ცხადია, არსებობს რისკი, რომ მთავრობამ საპენსიო ფონდში არსებული ფული კრიზისულ ვითარებაში მიითვისოს. ეს სცენარი საკმაოდ რეალურია და მსგავსი პრეცედენტები დაგროვებითი პენსიის რეფორმიდან რამდენიმე წელში მისი უარყოფითი შედეგები ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში სახეზეა. მათ შორის, 2014 წელს პოლონეთის მთავრობამ მიითვისა საპენსიფო ფონდებში განთავსებული $39 მილიარდი დოლარი და ის სახელმწიფო ობლიგაციებში განათავსა. ამ ნაბიჯით ქვეყანა მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისის თავიდან არიდებას ცდილობდა.

კომენტარები