საპენსიო რეფორმა

სებ: საპენსიო აქტივები თქვენი თანხაა, უფრო აქტიურად მიიღეთ საინვესტიციო გადაწყვეტილებები

"გვინდა, მოვუწოდოთ მოსახლეობას, რომ ეს საპენსიო აქტივები მათი თანხაა და უფრო აქტიურად მიიღონ საინვესტიციო გადაწყვეტილებები" - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტმა, ნიკოლოზ გაგუამ საპენსიო დანაზოგის ინვესტირების წესის ცვლილებასთან დაკავშირებით განაცხადა. კერძოდ, 6 სექტემბერს იწურება ერთთვიანი ვადა, რომელიც საპენსიო სქემის მონაწილეებს მისცეს - დასაქმებულებმა თავად უნდა აირჩიონ, მაღალ, საშუალო თუ დაბალრისკიან პორტფელში მოხდეს მათი საპენსიო დანაზოგების ინვესტირება. თუ ამ ერთ თვეში ისინი გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, მაშინ ავტომატურად, 40 წლამდე დასაქმებულების დანაზოგი მაღალრისკიან პორტფელში განთავსდება, 40-დან 50 წლამდე - საშუალორისკიანში, ხოლო 50 წელს ზემოთ მოქალაქეების - დაბალრისკიანში.

"არსებული კერძო დაგროვებითი სისტემის კანონმდებლობა ითვალისწინებს ძალიან მაღალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას მონაწილის მხრიდან. უკვე ჩაერთო შესაძლებლობა, რომ მონაწილემ აირჩიოს თავისი შესაბამისი რისკიანობის პორტფელი. რისკიანობა ამ შემთხვევაში არ ნიშნავს დანაკარგების რისკიანობას იმიტომ, რომ შენატანები ყოველთვის მზარდი იქნება. აქტივები იქნება მზარდი, მაგრამ სხვადასხვა მერყეობის ამპლიტუდით. დაბალრისკიანი პორტფელები იქნებიან უფრო ნაკლებად მზარდი შეიძლება, მაგრამ გარანტირებულად დაბალი მერყეობებით. მაღალრისკიანი - უფრო მაღალი მერყეობებით და მაღალი ამპლიტუდით.

დაბალრისკიანი პორტფელი უფრო მათთვის არის, ვინც ახლო პერიოდში აღწევს საპენსიო ასაკს და სურს, რომ 5-წლიან პერსპექტივაში საპენსიო აქტივობები გაიზარდოს. ხოლო ის, ვინც 15-20 წელი დააგროვებს ამ თანხას, ალბათ მათთვის უფრო საშუალო და მაღალრისკიანი პორტფელი უფრო შესაბამისია იქიდან გამომდინარე, რომ გრძელვადიან პერიოდში ასეთი მაღალრისკიანი პორტფელები უფრო მეტი მზარდობით გამოირჩევიან.

მოკლედ, მაღალრისკიანს მეორენაირად შეიძლება მზარდი პორტფელი ვუწოდოთ, დაბალრისკიანს - უფრო სტაბილური, და საშუალორისკიანს - უფრო ბალანსირებული პორტფელი," - ამბობს ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტი რუსთავი ორთან.

ნიკოლოზ გაგუას თქმით, "მაღალრისკიანი პორტფელის მთავარი სიკეთე" ის არის, რომ გრძელვადიან პერიოდში ყველაზე მეტ შემოსავალს მოიტანს.

"ეს არის წარმატებული საერთაშორისო პრაქტიკა. მაღალრისკიანი პორტფელი ითვალისწინებს უფრო მეტად უცხოურ აქტივებში ინვესტირებას, უფრო მეტ აქციებში ინვესტირებას ანუ არა ობლიგაციებში... აქციების ღირებულება უფრო მეტად მერყევია, მაგრამ იმავდროულად, მსოფლიოს იმ ქვეყნებში, სადაც ეს სისტემები განვითარებულია, მათ შორის არამარტო ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში, აქციების ღირებულება უფრო მეტად იზრდება, ხოლო ობლიგაციებიდან, დეპოზიტებიდან უფრო სტაბილურად, თუმცა, უფრო დაბალი მოგების მოტანა შეუძლია გრძელვადიან პერიოდში" - აცხადებს ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტი და მოუწოდებს მოსახლეობას, "უფრო აქტიურად მიიღონ" საინვესტიციო გადაწყვეტილებები.

"მიუხედავად იმისა, რომ კანონი განმარტავს - თუ ავტომატურად ადამიანი რა ტიპის რისკიანობის პორტფელში მოხვდება, ყველა მონაწილეს აქვს უფლება, მიიღოს თავისი ინდივიდუალური გადაწყვეტილება - ის განაცხადებს, თუ რომელი რისკიანობის პორტფელი არის მისთვის მიზანშეწონილი" - ამბობს ნიკოლოზ გაგუა.

ამ დრომდე, საპენსიო დანაზოგების ინვესტირება მთლიანად ხდებოდა ნაკლებად რისკიან საინვესტიციო პორტფელში.

რა არის დაგროვებითი პენსია?

2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა. ამავე კანონის საფუძველზე სპეციალური საპენსიო სააგენტოც შეიქმნა, რომელიც დასაქმებულისა და დამსაქმებლის მიერ გამომუშავებულ თანხას გარკვეულ საპროცენტო განაკვეთს დაარიცხავს და ამ თანხას დასაქმებულს საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ უკან დაუბრუნებს.

საპენსიო სქემაში ერთვება ყველა მოქალაქე, რომელიც ანაზღაურებას საკონტრაქტო ურთიერთობის შედეგად იღებს. იმ პირებისთვის, ვინც 2018 წლის 1აგვისტომდე გახდა 40 წლის, სისტემაში გაწევრიანება ნებაყოფლობითია, ხოლო 40 წელს მიუღწეველი დასაქმებულები ვალდებულები არიან კანონის ამოქმედებისთანავე ჩაერთონ დაგროვებით საპენსიო სისტემაში. საპენსიო სქემაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია თვითდასაქმებულებისთვის.

დაგროვებით პენსიაში მონაწილე მოქალაქეს ხელფასიდან ეჭრება მთლიანი ანაზღაურების 2%, 2%-ის გადახდის ვალდებულება აქვს მის დამსაქმებელსაც, ხოლო 2%-ს იხდის სახელმწიფო. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო საპენსიო სისტემის მონაწილეს ბიუჯეტიდან 2%-ს ურიცხავს იმ შემთხვევაში, თუ მისი მთლიანი დარიცხული ხელფასის ჯამური ოდენობა 24 000 ლარზე მეტი არ არის. თუ დასაქმებულის წლიური ჯამური ხელფასი 24 000 ლარზე მეტი და 60 000 ლარზე ნაკლებია, მას ბიუჯეტიდან 1% ერიცხება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ წლიური ანაზღაურება 60 000 ლარზე მეტია, სახელმწიფო საპენსიო სისტემის მონაწილეს თანხას არ ურიცხავს.

კანონის მიხედვით, სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში, დაგროვებითი პენსიის სისტემის მონაწილეს საპენსიო ანგარიში უნარჩუნდება. მუშაობის ხელახლა დაწყების შემდეგ, პირველი ხელფასის ჩარიცხვისთანავე, მას შეუძლია ანგარიშზე ფულის შეტანა დაიწყოს. იმ პერიოდში, როდესაც პირი დასაქმებული არ არის, სახელმწიფო შენატანს არ აკეთებს.

გარდა ამისა, პირის გარდაცვალების შემთხვევაში, მის მიერ დაზოგილი თანხა მის მემკვიდრეს გადაეცემა. კანონი ასევე იძლევა შესაძლებლობას დაზოგილი თანხა მონაწილემ ნაადრევად მიიღოს თუ იგი შშმ პირი გახდება. დაზოგილი თანხის ნაადრევად მიღების უფლება ასევე ეძლევა მონაწილეს, თუ იგი საქართველოს სამუდამოდ დატოვებას გადაწყვეტს.

კომენტარები