ინტერვიუ პარტიებთან

საპენსიო სქემის არაეფექტიანობა და რეფორმირების ხედვა – ინტერვიუ პარტიებთან

ინტერვიუ პარტიებთან

საპენსიო სქემის არაეფექტიანობა და რეფორმირების ხედვა – ინტერვიუ პარტიებთან

ტაბულა გთავაზობთ პარტიებთან ინტერვიუს არსებული საპენსიო სქემის პრობლემებისა და მათი გადაჭრისთვის საჭირო რეფორმების ხედვების შესახებ. გამოცემის კითხვებს უპასუხეს პარტიამ საქართველოსთვის, ლელომ, ევროპულმა საქართველომ, გირჩი – მეტი თავისუფლებამ, დროამ და სტრატეგია აღმაშენებელმა. ინტერვიუზე უარი თქვეს ქართულმა ოცნებამ და ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ.

საქართველოსთვის

პარტია საქართველოსთვის ხედვის შესახებ ტაბულა ბექა ლილუაშვილს ესაუბრა. პარტიაში მიაჩნიათ, რომ არსებული საპენსიო მოდელი არც მდგრადია და არც სამართლიანი, რადგან მნიშვნელობა არ ენიჭება, თუ ვინ რამდენი ხანი იმუშავა საპენსიო ასაკამდე.

"ამ მიმართულებით გარდამტეხი ცვლილებები საჭირო იყო და გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, როცა დაგროვებითი საპენსიო სისტემა შემოვიდა. მეორე მხრივ, არის თუ არა კარგი, როცა დამოკიდებულების კოეფიციენტი არასამუშაო და სამუშაო ასაკში მყოფი მოსახლეობის დისპროპორციულია – ძალიან ცოტაა დასაქმებული და ძალიან დიდია დამოკიდებული ადამიანების რაოდენობა.

ეს სოციალური ტვირთი როგორღაც უნდა მოვხსნათ. მაგალითად, უნდა მოვხსნათ დაგროვებითი საპენსიო სისტემით, ჯანმრთელობის დაზღვევის მექანიზმების შემოტანით, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს ბიუჯეტის ტვირთს, მაგრამ არ შეამცირებს მოწყვლადი მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობას". – ამბობენ პარტიაში საქართველოსთვის.

ევროპული საქართველო

პარტიის პოზიციით, ქართული ოცნების მიერ შემოღებული დაგროვებითი საპენსიო სისტემა არ უზრუნველყოფს ღირსეულ სიბერეს. ევროპულ საქართველოში მიაჩნიათ, რომ სისტემა დამაიმედებელ რიცხვებს ვერ იძლევა იმ შემთხვევაშიც კი, თუ მთავრობის მართული საპენსიო სააგენტო ფულს სწორად დააბანდებს, ეს ფული კორუფციისა და სახელმწიფო ჩინოვნიკების არაკომპეტენტურობის გამო არ დაიკარგება და ათიათასობით ადამიანის საპენსიო დანაზოგი "საბჭოთა ანაბრების" ბედს არ გაიზიარებს.

ევროპული საქართველოს ხედვით, არსებული დაგროვებითი საპენსიო სისტემა უნდა ჩანაცვლდეს ისეთი სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან პირობებს. ევროპული საქართველოს ცნობით, მათ შეიმუშავეს დაგროვებითი საპენსიო სისტემის ისეთი მოდელი, რომელიც:

  • ყოველ მოქალაქეს უტოვებს არჩევანს, ნაბაყოფლობით ჩაერთოს დაგროვებით საპენსიო სქემაში;
  • ერთნაირად და თანაბრად ხელმისაწვდომია ყველა ასაკის ადამიანისთვის (და არა მხოლოდ 40 წელს ქვემოთ ასაკის დასაქმებულთათვის);
  • დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეს აძლევს არჩევანს, თავად განსაზღვროს დასაგროვებელი თანხის ყოველთვიური ოდენობა.

"ევროპული საქართველოს მიერ შემუშავებული დაგროვებითი საპენსიო სისტემა აგებულია საგადასახადო შეღავათის პრინციპზე: მოქალაქე, თუკი იგი თავისი ღირსეული სიბერისთვის ფულის დაგროვებას გადაწყვეტს და საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით ჩაერთვება, ამისათვის არა მხოლოდ თავისი ხელზე ასაღები ხელფასის მცირე ნაწილს გამოიყენებს, არამედ მისივე დასაბეგრი ხელფასიდან ჩამოჭრილ საშემოსავლო გადასახადსაც, რომელიც მთავრობას დღეს ბიუჯეტში მიაქვს". – ამბობენ პარტიაში.

ევროპულ საქართველოში მიაჩნიათ, რომ დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეს დაგროვილი თანხის მთლიანად ან ნაწილობრივ საპენსიო ასაკამდე გამოტანა შეუზღუდავად უნდა შეეძლოს. თუ მოქალაქე დანაზოგს მინიმუმ 20 წელი აგროვებდა, დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე თანხას სრულად, დაუბეგრავად მიიღებს, სხვა შემთხვევაში, მისაღები თანხის მოცულობა დაიბეგრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 

ევროპული საქართველოს შენიშვნა: ინტერვიუს პასუხებში მოცემულია საკითხები, რომლებზეც პროექტ "ახალი რესპუბლიკის" ფარგლებში ევროპულმა საქართველომ და პარტნიორმა ორგანიზაციებმა კონსენსუსს უკვე მიაღწიეს. მსჯელობის, დისკუსიის და რეფორმების დეტალიზების პროცესი კვლავ გრძელდება და გაზაფხულისთვის დასრულდება რეფორმების სრული დოკუმენტი, რომელიც იქნება საჯარო განხილვისთვის.

გირჩი – მეტი თავისუფლება

პარტია გირჩი – მეტი თავისუფლების წევრის, ცოტნე კობერიძის თქმით, ამჟამად საპენსიო სისტემის ძირითადი პრობლემა სისტემაში ლიბერთი ბანკის მონოპოლიაა, შესაბამისად, პარტიაში მიაჩნიათ, რომ პენსიების გაცემაზე ლიბერთი ბანკის მონოპოლია უნდა გაუქმდეს.

"მაღალი საპროცენტო განაკვეთი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აგდებს პენსიონერებს. აუცილებელია, გაუქმდეს მონოპოლია პენსიების გაცემაზე და პენსიონერს მიეცეს არჩევანის უფლება, თუ რომელი ბანკის სერვისებით ისარგებლოს. გაზრდილი კონკურენცია აიძულებს ფინანსურ სექტორს, შედარებით რისკიან სესხებზე საპროცენტო განაკვეთები მკვეთრად შეამციროს". – ამბობენ პარტიაში.

პარტიაში მიაჩნიათ, რომ აუცილებელია, საქართველოს კონსტიტუციის უგულვებელყოფით მიღებული ძალადობრივი საპენსიო სისტემის გაუქმება და მოქალაქეებისთვის  შენატანების უკან დაბრუნება.

ლელო

ლელოს სურს, საფონდო ბირჟის მეშვეობით მოხდეს საპენსიო ფონდის თანხების ნაწილის რეალურ ეკონომიკაში ინვესტირება, რითაც საქართველოს მოქალაქეები გახდებიან კომპანიების თანამესაკუთრეები. პარტია პენსიონერებს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ხარჯების დაფარვას და 400-ლარიან პენსიას ჰპირდება.

ამასთან, პარტიას სურს, რომ პენსიაზე გასვლის შემდეგ 3 წლის განმავლობაში პენსიონერს შეეძლოს გახდეს ახალგაზრდა თანამშრომლის მენტორი. მას ექნება ხელფასი და შეუნარჩუნდება პენსია. პროექტში ჩართულ კომპანიებს მიენიჭებათ შეღავათები. პარტიის ინიციატივაა, რომ შეიქმნას პენსიონერის ბარათი, რომლითაც ისინი საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ გადაადგილებას და კულტურულ დაწესებულებებში 50%-იანი ფასდაკლებით შესვლას შეძლებენ.

დროა

ტაბულა საპენსიო სქემის პრობლემებისა და საჭირო რეფორმების შესახებ პარტიის წევრს, გიგა ლემონჯავას ესაუბრა. დროაში მიაჩნიათ, რომ საქართველოში არსებული საპენსიო სისტემა, რომელიც განსაზღვრულია დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონით, არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და არ ემსახურება მოქალაქეთა კეთილდღეობას. 

პარტიის ხედვით, საპენსიო სისტემაში მოქალაქეთა იძულებით ჩართვა უნდა შეიცვალოს პროგრამაში მონაწილეობის ნებაყოფლობითი მოდელით.

ენმ

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა წარადგინა, რომლის თანახმადაც საპენსიო ასაკმა უნდა დაიწიოს და ყველასთვის 60 წელი გახდეს. ამასთან, პარტიაში მიაჩნიათ, რომ მინიმალური პენსია 400 ლარიდან უნდა დაიწყოს. ტაბულამ სცადა ენმ-სთვის მათი ინიციატივის შესახებ დამატებითი კითხვების დასმა, დაგროვებით სისტემაზე პოზიციის და რეფორმირების ხედვის გაგება, თუმცა პარტიამ ინტერვიუზე უარი თქვა.

სტრატეგია აღმაშენებლის მიერ მოწოდებულ პასუხში საპენსიო სქემის რეფორმის შესახებ პასუხი არ ყოფილა.

იხილეთ ტაბულას ინტერვიუები პარტიებთან სახელმწიფო ბიუჯეტის, სასამართლოს, განათლების, ტერიტორიული მოწყობის, თავდაცვის, საბანკო სფეროს, საპენსიო სისტემისა და კულტურის სექტორის შესახებ.

კომენტარები