საპენსიო რეფორმა

საპენსიო სქემის მონაწილეები დაბალრისკიან პორტფელში 2028 წლამდე დარჩებიან

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტმა მესამე მოსმენით "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა. ცვლილებების თანახმად, საპენსიო სქემის მონაწილე ყველა მოქალაქის დაგროვებითი პენსია ავტომატურად დაბალრისკიან პორტფელში მოხვდება.

კანონპროექტის მიღებას 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

"მოქალაქეებს მხოლოდ ინდივიდუალური გადაწყვეტილებით შეეძლებათ დანაზოგის საშუალო ან მაღალრისკიან პორტფელში გადატანა". - წერია პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე. 

პარლამენტის ინფორმაციითვე, კანონი ასევე დაარეგულირებს საპენსიო ასაკში პენსიის დანიშვნისა და გაცემის, აგრეთვე, საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას საპენსიო აქტივების მიღების საკითხებს.

ცვლილების ეს წესი 2028 წლის პირველ იანვრამდე უცვლელი დარჩება.

საპენსიო რეფორმა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები

მიმდინარე წლის 6 აგვისტოდან საპენსიო სქემის მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა, საპენსიო აქტივები მაღალ, საშუალო და დაბალრისკიან პორტფელებში განეთავსებინათ. გადაწყვეტილების მიღებისთვის კანონით დადგენილი იყო 30 დღე, რომლის ამოწურვის შემდეგ საპენსიო შენატანები ავტომატურად გადანაწილდებოდა შემდეგი პრინციპით:

  • 40 წლამდე ასაკის მონაწილის საპენსიო აქტივები და მომავალი საპენსიო შენატანები სრულად განთავსდებოდა მაღალრისკიან საინვესტიციო პორტფელში;
  • 40-დან 50 წლამდე ასაკის მქონე  მონაწილის საპენსიო აქტივები და მომავალი საპენსიო შენატანები სრულად განთავსდებოდა საშუალორისკიან საინვესტიციო პორტფელში;
  • 50 წელი ან 50-ზე მეტი წლის მონაწილის საპენსიო აქტივები და მომავალი საპენსიო შენატანები სრულად განთავსდებოდა ნაკლებრისკიან საინვესტიციო პორტფელში.

მიუხედავად დაანონსებული ცვლილებებისა, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ ჯერ კიდევ აგვისტოში აღნიშნა, რომ მოსახლეობა ცვლილებისთვის "მზად არ იყო" და "შესაძლოა, საკითხმა გაუგებრობა გამოიწვია". პარლამენტში აგვისტოშივე დაიწყო დღეს მიღებული კანონპროექტის განხილვა, რომლითაც საპენსიო დანაზოგების პორტფელების არჩევის ვადა გახანგრძლივდა. 

ტაბულას არქივიდან ვრცლად საპენსიო რეფორმისა და სამი პორტფელის შესახებ წაიკითხე აქ – არჩევის ვადა 6 სექტემბერს იწურება – რას ნიშნავს საპენსიო დანაზოგის სამი პორტფელი?

კომენტარები