იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის

ჩერგოლეიშვილი: 27 სექტემბერს წარმოგიდგენთ აფხაზეთში რუსული გენოციდის მტკიცებულებებს

ნანა ჯანელიძის ფილმის - იარე ლიზა-დან გამოსულ მაყურებელს ევროპულმა საქართველომ და თავისუფლების ინსტიტუტმა 27 სექტემბერს დაგეგმილი ღონისძიების მოსაწვევები დაურიგეს. ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დირექტორის თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს აფხაზეთში რუსული გენოციდის შესახებ მტკიცებულებებს წარადგენენ.

"წარმოვადგენთ იმ გამოძიების, იმ შესწავლის შედეგებს, რაც გასული ერთი წლის განმავლობაში შევძელით. წარმოგიდგენთ გენოციდის მტკიცებულებებს, რუსეთის მიერ ჩადენილ ქართველთა გენოციდის  მტკიცებულებებს, გაცნობებთ, რომ ეს იყო წინასწარ განსაზღვრული, წინასწარ დაგეგმილი, ქართველების გასაჟლეტი ოპერაცია, რომელიც დაიგეგმა მოსკოვში და აფხაზები ამის მონაწილეები იყვნენ. ასევე, გაჩვენებთ იმ რუს მაღალჩინოსან სამხედროებს, რომელთა ნაწილი დღეს უკრაინაში სჩადის ომის დანაშაულებს და მანამდე, 30 წლის წინ ისინი აფხაზეთში აკეთებდნენ იგივეს ქართველების წინააღმდეგ" - თქვა ჩერგოლეიშვილმა.


ევროპული საქართველო და თავისუფლების ინსტიტუტი 27 სექტემბერს, 20:00 საათზე, პარლამენტის წინ ღონისძიებას გამართავენ, სადაც ხალხს ქართველთა გენოციდის მტკიცებულებებსა და გენოციდში უშუალოდ მონაწილე რუს სამხედროებს წარუდგენენ.

"საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე დიდი ტრაგედიიდან 30 წელი სრულდება. 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემა იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ქართველების წინააღმდეგ რუსეთის ერთწლიანი სისხლიანი სამხედრო კამპანიის კულმინაცია. 27 სექტემბერს დახვრიტეს სოხუმში დარჩენილი ქართული ადმინისტრაციის ყველა წარმომადგენელი, ეთნიკურად ქართველ მშვიდობიან მოსახლეობას კი გენოციდი მოუწყეს. 

ეს დღე გვავალდებულებს, პატივი მივაგოთ უზარმაზარ მსხვერპლს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა 30 წლის წინ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფლებისთვის გაიღეს და მუდამ გვახსოვდეს ჩვენი დაუძინებელი მტრის ვინაობა, რომელმაც ქართველებს ბოლო 30 წლის განმავლობაში რამდენჯერმე მოგვიწყო ეთნიკური წმენდა და გენოციდი. 

27 სექტემბერს, 20:00 საათზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გიწვევთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც ეროვნული ღირსების საკითხად მიაჩნია ქართული სახელმწიფოს და მთელი ცივილიზებული სამყაროს მიერ აფხაზეთში ჩადენილი საკაცობრიო დანაშაულების გენოციდად შეფასება. 

როგორც შეკრების მონაწილეებს, ისე მთელ საზოგადოებას ვუჩვენებთ ჩვენ მიერ იდენტიფიცირებულ რუს სამხედროებს, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ქართველების გენოციდში და რომელთა ნაწილი დღეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაში მონაწილეობს. 

სოხუმის დაცემიდან 30 წლის შემდეგ არ უნდა დავივიწყოთ აფხაზეთიდან დევნილი ქართველები, რომლებსაც რუსეთმა ყველაფერი წაართვა და ეთნიკური ნიშნით წამებისა და მკვლელობის მუქარით საკუთარი სახლებიდან გაქცევა აიძულა. 

საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს მორალური და სამოქალაქო პასუხისგმებლობა, გენოციდად ვცნოთ ქართველების მიმართ რუსეთის მიერ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ვაღიაროთ და მივიღოთ ჩვენი თანამოქალაქეების ისტორიული სიმართლე და გადავდგათ ნაბიჯი 30 წლის განმავლობაში უგულებელყოფითა და გულგრილობით გამოწვეული გაუცხოების აღმოსაფხვრელად". - წერენ ორგანიზატორები.

კომენტარები