მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

ყარაბაღის მცხოვრებლების უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს – შოლცი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი
REUTERS/Vladislav Culiomza

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცის თქმით, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება უნდა იყოს გარანტირებული. 

როგორც Deutsche Welle წერს, ამის შესახებ მან 22 სექტემბერს სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა.

შოლცმა ასევე თქვა, რომ ყარაბაღში მყოფ ადამიანებს სჭირდებათ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება, რაც აზერბაიჯანის პასუხისმგებლობაა. 

როგორც გერმანული მედია წერს, შოლცის თქმით, ყარაბაღში დახმარება ლაჩინის დერეფნით უნდა ჩავიდეს, რომელიც სომხეთის ყარაბაღთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზაა.

 შოლცმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობა ძალის გამოყენების წინააღმდეგია, ხოლო კონფლიქტის გადაჭრისა და გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევის ერთადერთ გზად სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებებს მიიჩნევს.

რამდენიმეთვიანი კრიზისის შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხედრო მოქმედებები ყარაბაღის ტერიტორიაზე 19 სექტემბერს დაიწყო. პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ამბობდა, რომ მოქმედებებს იქამდე არ შეწყვეტდა, სანამ სეპარატისტები იარაღს არ დაყრიდნენ.

20 სექტემბერს სეპარატისტული სტეფანაკერტი დათანხმდა აზერბაიჯანის მოთხოვნებს და ცეცხლი შეწყდა. შეთანხმების მიხედვით, სომხური ფორმირებები დაყრიდნენ იარაღს, დატოვებდნენ საბრძოლო პოზიციებს, მძიმე ტექნიკას გადასცემდნენ აზერბაიჯანს, ასევე გაიმართება შეხვედრები, რომლებზეც რეინტეგრაციის საკითხსა და ყარაბაღელი სომხების უფლებებს განიხილავენ.

სეპარატისტების ომბუდსმენი ამბობდა, რომ აზერბაიჯანის იერიშებს 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ყარაბაღში სიტუაცია ჯერჯერობით კვლავ დაძაბულია და სრული სტაბილიზაციის ნიშნები არ იკვეთება.

ბოლო თვეების მანძილზე მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე საკვების გზების ბლოკირების გამო მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის წინაშე იდგა. აზერბაიჯანმა დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნის ბლოკადა 2022 წლის დეკემბერში დაიწყო. 2023 წლის ზაფხულში მთიანი ყარაბაღის სომხური მოსახლეობა შიმშილის პირას აღმოჩნდა. 12 სექტემბერს აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსული ჰუმანიტარული დახმარების მანქანა შეუშვა.

კომენტარები