რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბუდანოვი: შავი ზღვის ფლოტის შტაბზე იერიშის შედეგად, მინიმუმ, 9 რუსი სამხედრო მოკვდა

უკრაინის თავდაცვის ძალების დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის, კირილო ბუდანოვის თქმით, ოკუპირებულ სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტის შტაბზე მიტანილი დარტყმის შედეგად, სულ, მცირე 9 რუსი სამხედრო მოკვდა, 16 კი - დაიჭრა. მათ შორის, როგორც მაღალჩინოსანი ამბობს, არიან გენერლებიც.

"დაჭრილთა შორის არის ჯგუფის მეთაური [ალექსანდრ] რომანჩუკი, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. შტაბის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი [ოლეგ] ცეკოვი უგონო მდგომარეობაშია". - თქვა ბუდანოვმა.

გენერალი რომანჩუკი ზაპოროჟიეს მიმართულებით მებრძოლ რუს სამხედროთა ჯგუფს ხელმძღვანელობს.

ბუდანოვმა აღნიშნა, რომ დაჭრილთა და დაღუპულთა შორის შედიან რიგითი სამხედროებიც.

ამას გარდა, ბუდანოვმა არ დაადასტურა სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცნობა, თითქოს იერიშს შავი ზღვის ფლოტის მეთაური, ვიქტორ სოკოლოვი ემსხვერპლა. მისი თქმით, მსგავსი ინფორმაცია დაზვერვაში არ გააჩნიათ.

პარალელურად, უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალები საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერს, რომ ოპერაცია "კიბორჩხალას ხაფანგი", ანუ ოკუპირებულ სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტზე მიტანილი სარაკეტო იერიში, მათი დახმარებით შესრულდა.

მათ მოაგროვეს მონაცემები სამიზნეზე და გადასცეს საჰაერო ძალებს.

როგორც სპეცდანიშნულების რაზმი წერს, მათ მიერ კოორდინირებული დარტყმა დროული და ზუსტი იყო, რადგან ამ მომენტში შტაბში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მეთაურობის სხდომა იმართებოდა.

სპეციალური ოპერაციების ძალების ცნობით, დაღუპულთა და დაჭრილთა შორის არიან ფლოტის უმაღლესი მეთაურებიც.

22 სექტემბერს ოკუპირებულ ყირიმზე, სევასტოპოლში მდებარე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე უკრაინელებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს. რუსული მედია წერდა, რომ შემთხვევის ადგილის მიმართულებით სასწრაფო დახმარების მანქანების დიდი რაოდენობა მიდიოდა. რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიაში ირწმუნებიან, რომ მათმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ 5 რაკეტა ჩამოაგდო, თუმცა შენობა მათმა ნამსხვრევებმა დააზიანა. ამ დროისთვის ერთი სამხედრო დაკარგულად ითვლება. დაშავებულთა რიცხვი ოფიციალურად ამ დრომდე არ გამოუცხადებიათ.

კომენტარები