შოვის ტრაგედია

გომელაური შოვზე: საერთაშორისო დახმარებას არ საჭიროებდა – საკმარისი ცოცხალი ძალა გაგვაჩნია

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, რაჭაში, შოვში მომხდარი ტრაგედიის დროს, სხვა ქვეყნებისთვის დახმარების თხოვნის საჭიროება არ იყო. გომელაური ამბობს, რომ სამაშველო ოპერაციის ჩასატარებლად საქართველოს საკმარისი ცოცხალი ძალა გააჩნია.

"კითხვა შეეხებოდა სხვა ქვეყნებისთვის დახმარების თხოვნით მიმართვას. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ შოვში განვითარებული სტიქიის დროს საძიებო-სამაშველო სამუშაოების განხორციელება, მათ შორის, აღმოჩენილი ადამიანების ევაკუაცია და სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია საერთაშორისო დახმარებას არ საჭიროებდა. იმიტომ, რომ შესაბამისი სამშველო ღონისძიებები თავისი მოცულობითა და სწრაფი რეაგირების საჭიროების გამო, ჩვენი ძალებით უფრო ეფექტურად ჩატარდებოდა. ყველასთვის გასაგებია, რომ სამაშველო ღონისძიებაში სხვა ქვეყნების მაშველების ჩართვა შესაბამის პროცედურებსა და მეტ დროს მოითხოვს. საქართველოს გააჩნია საკმარისი ცოცხალი ძალა, მათ შორის, სარეზერვო ძალები და სპეციალური ტექნიკა, რომ შოვში ძებნა-შველის ღონისძიება დამოუკიდებლად განხორციელებულიყო". - თქვა გომელაურმა პარლამენტში, სადაც ის ინტერპელაციის წესით იმყოფება და დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

ამ დრომდე შოვში სტიქიის შედეგად დაღუპული 32 ადამიანის ცხედარი იპოვეს,  ყველა მათგანის ვინაობა ცნობილია. სტიქიის ზონაში მაშველები ერთ ადამიანს, ზაზა მესხის მცირეწლოვან შვილს ეძებენ.

რაჭაში, შოვში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს ჩამოიშალა.

კომენტარები