მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

ალიევი: პოზიციებიდან უკანონო სომხური ფორმირებების გაყვანის პროცესი დაიწყო

ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი 20 სექტემბრის საღამოს, ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ სიტყვით გამოვიდა და თქვა, რომ უკანონო სომხური ფორმირებების რეგიონიდან გაყვანა დაწყებულია. 

"უკვე დაიწყო პოზიციებიდან უკანონო სომხური შეიარაღებული ფორმირებების გაყვანის პროცესი". – თქვა ალიევმა.

ალიევის თქმით, სეპარატისტებმა აზერბაიჯანის პირობების მიღების შემდეგ იარაღის ჩაბარებაც დაიწყეს.

"კითხვა შემდეგია: ვის აწყობდა სიტუაციის ამ მდგომარეობამდე მიყვანა? თავიდანვე, ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ ხომ ვამბობდით, გამოვხატავდით ჩვენს სამართლიან შეშფოთებას, არაერთხელ მივმართეთ სომხეთის ხელისუფლებასა და მათ მფარველებს საზღვარგარეთ და სხვა ქვეყნებს, ვამბობდით, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ყოფნა უკანონოა და უნდა დასრულებულიყო. ვამბობდით, რომ ხუნტის უკანონო რეჟიმს საკუთარი ე.წ. დროშა, რაც უბრალო ნაჭერზე მეტი არაფერია, უნდა დაეკეცათ, ჩაედოთ ჯიბეში და დაეტოვებინათ ჩვენი მიწა. ეს ჩვენი სუვერენული უფლებაა". - თქვა ალიევმა.

სომხეთმა გასულ დღეს უარყო, რომ მათი ჯარები ყარაბაღის ტერიტორიაზე მდებარეობდნენ.

ალიევის თქმით, აზერბაიჯანმა საკუთარი სუვერენიტეტი აღიდგინა.

ალიევი ამბობს, რომ მოწინააღმდეგის საბრძოლო ტექნიკის დიდი ნაწილი იერიშების შედეგად გაანადგურეს. მან ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს დანაკარგიც აქვს და ზოგიერთი სამხედრო დაჭრილია, თუმცა რიცხვები არ დაუკონკრეტებია.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ბაქო საკუთარი სიტყვის ერთგული დარჩება.

რამდენიმეთვიანი კრიზისის შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხედრო მოქმედებები ყარაბაღის ტერიტორიაზე 19 სექტემბერს დაიწყო. პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ამბობდა, რომ მოქმედებებს იქამდე არ შეწყვეტდა, სანამ სეპარატისტები იარაღს არ დაყრიდნენ.

20 სექტემბერს სეპარატისტული სტეფანაკერტი დათანხმდა აზერბაიჯანის მოთხოვნებს და ცეცხლი შეწყდა. შეთანხმების მიხედვით, სომხური ფორმირებები დაყრიდნენ იარაღს, დატოვებდნენ საბრძოლო პოზიციებს, მძიმე ტექნიკას გადასცემდნენ აზერბაიჯანს, ასევე გაიმართება შეხვედრები, რომლებზეც რეინტეგრაციის საკითხსა და ყარაბაღელი სომხების უფლებებს განიხილავენ.

სეპარატისტების ომბუდსმენი ამბობდა, რომ აზერბაიჯანის იერიშებს 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ბოლო თვეების მანძილზე მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე საკვების გზების ბლოკირების გამო მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის წინაშე იდგა. აზერბაიჯანმა დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნის ბლოკადა 2022 წლის დეკემბერში დაიწყო. 2023 წლის ზაფხულში მთიანი ყარაბაღის სომხური მოსახლეობა შიმშილის პირას აღმოჩნდა. 12 სექტემბერს აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსული ჰუმანიტარული დახმარების მანქანა შეუშვა.

კომენტარები