რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლვოვზე რუსების დრონებით თავდასხმის შედეგად 300 ტონა ჰუმანიტარული დახმარება განადგურდა

კადრი ვიდეოდან / Facebook / ДСНС України

19 სექტემბერს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ლვოვზე დრონებით თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაჩნდა სამრეწველო ქარხანაში, რომელშიც ჰუმანიტარული დახმარების საწყობი იყო განთავსებული. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ლვოვის რომის კათოლიკური არქიეპარქიის ქორეპისკოპოსზე, ედვარ კავაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, საწყობში არსებული დაახლოებით 300 ტონა ჰუმანიტარული დახმარება, მათ შორის, საკვები, ჰიგიენური საშუალებები, კონსერვები, გენერატორები და ტანსაცმელი დაიწვა. 

როგორც უკრაინული მედია წერს, ზარალი ბოლომდე დათვლილი არ არის, ხოლო ადგილზე სპეციალური სამსახური მუშაობს.


რუსეთის შეარაღებულმა ძალებმა 19 სექტემბრის ღამით დრონებით იერიში ლვოვის ოლქსა და ქალაქ კრივოი როგზე მიიტანა.

ლვოვის ოლქში თავდასხმის შედეგად ერთ-ერთ სამრეწველო საწყობში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის მიერ განადგურებული შენობის ნანგრევებიდან ორი ადამიანი ამოიყვანეს. ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. ამასთან, გამთენიისას მაშველებმა ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

უკრაინული მედიის ცნობით 19 სექტემბრის შეტევა ომის დაწყებიდან დღემდე ლვოვზე ყველაზე ხანგრძლივი დრონებით თავდასხმა იყო.

კომენტარები