ჩინეთი

WSJ: ცინ კანგი პოსტიდან აშშ-ში ელჩად ყოფნის დროს გაბმული რომანის გამო მოხსნეს

ჩინეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ცინ კანგი
Suo Takekuma/AP

როგორც WSJ ინფორმირებულ პირებზე დაყრდნობით წერს, ჩინეთის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, ცინ კანგს აშშ-ში ელჩად ყოფნის პერიოდში ქორწინების მიღმა ურთიერთობა ჰქონდა და შვილიც შეეძინა. გამოცემის ცნობით, სწორედ ეს გახდა ივლისში მისი თანამდებობიდან გადაყენების მიზეზი.

როგორც გამოცემა წერს, ცინ კანგის აშშ-ში ელჩად ყოფნის პერიოდზე შიდა გამოძიება ჩინეთის კომუნისტურ პარტიაში ჩატარდა, შედეგები კი ჩინეთის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს მიაწოდეს.

გამოძიება ახლა იმის დასადგენად გრძელდება, დააზარალა თუ არა ცინის ურთიერთობამ ჩინეთის ეროვნული უსაფრთხოება. გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გამოძიებასთან სრულად თანამშრომლობს.

19 სექტემბერს გამართული რეგულარული პრესკონფერენციის დროს, ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელს, მაო ნინგს ცინთან დაკავშირებულ გამოძიებაზეც ჰკითხეს. მან აღნიშნა, რომ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით არაფერი იცის.

ცინ კანგი, რომელმაც ჩინეთის ელიტური პოლიტიკის სასტიკ სამყაროში წარმოუდგენელი წინსვლა შეძლო და სი ძინფინგის მთავრობის მაღალჩინოსანი გახდა, ივნისის ბოლოს მოულოდნელად გაქრა, 25 ივლისს კი ის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან მოხსნეს. ამ თანამდებობის დაკავებამდე, 2021 წლის ივლისიდან 2023 წლის იანვრამდე ცინი აშშ-ში ჩინეთის ელჩი იყო.

მაღალი თანამდებობის პირების საჯარო თვალიდან გაქრობა ჩინეთში იშვიათი სულაც არაა. მოგვიანებით მაღალჩინოსნები ან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გამოჩნდებიან ხოლმე, ან აღმოჩნდება, რომ მათ წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობდა.

29 აგვისტოს შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა არც ჩინეთის თავდაცვის მინისტრი, ლი შანგფუ. 15 სექტემბერს გავრცელდა არაოფიციალური ინფორმაცია, რომ ლის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები