უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში, ბახმუტის მიმართულებით სოფელი კლიშჩეევკა გაათავისუფლეს.
უკრაინსკა პრავდასთან ინფორმაციას ადასტურებს უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ჯგუფის სპიკერი, კაპიტანი ილია ევლაში. ცნობას საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერს უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური, გენერალი ოლექსანდრ სირსკიც.
კლიშჩეევკის გათავისუფლებაში მონაწილეობდა უკრაინის პოლიციის მოიერიშე ბრიგადა Лють-ი, თავდაცვის ძალების დანაყოფებთან: მე-80 ცალკეული საჰაერო-სადესანტო ბრიგადასა და მე-5 ცალკეული მოიერიშე ბრიგადასთან ერთად. დასახლების გათავისუფლების ცნობაც თავდაპირველად ამ ბრიგადა Лють-მა საკუთარ Facebook-გვერდზე გაავრცელა.
14 სექტემბრის მძიმე შეტაკებებიდან ერთი დღის შემდეგ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სოფელი ანდრეევკა გაათავისუფლეს. ამავე დღეს, 15 სექტემბერს უკრაინის გენშტაბი წერდა, რომ მათმა ძალებმა გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს კლიშჩეევკის მიმართულებითაც.





