ჩინეთი-გერმანია

ანალენა ბერბოკმა სი ძინფინგი დიქტატორად მოიხსენია

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი და ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინფინგი

ანალენა ბერბოკმა გერმანიის მთავრობის მიერ უკრაინის მხარდაჭერაზე საუბრისას სი ძინფინგს დიქტატორი უწოდა. მან აშშ-ში ყოფნისას Fox News-ის ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, როგორ ხედავს ბერლინი უკრაინაში ომის დასასრულს, უპასუხა, რომ უკრაინის დახმარებას იმდენ ხანს გააგრძელებენ, რამდენიც საჭირო იქნება.

"თუ ამ ომს პუტინი მოიგებდა, რა ნიშანი იქნებოდა ეს მსოფლიოს სხვა დიქტატორებისთვის, როგორიცაა სი, ჩინეთის პრეზიდენტი? ამიტომ, უკრაინამ ეს ომი უნდა მოიგოს". - თქვა ბერბოკმა, რომლის მწვანეთა პარტიაც ჩინეთისადმი გერმანიის უფრო მტკიცე მიდგომის მომხრეა.

ბერბოკის კომენტარი ბრიუსელსა და პეკინს შორის ურთიერთობების დაძაბვის კიდევ ერთი მაგალითია. მიმდინარე კვირაში ჩინური ელექტრომანქანების სუბსიდიების საკითხის გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე საუბრობდა ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენი.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი არ არის პირველი ვინც სი ძინფინგს დიქტატორი უწოდა. მიმდინარე წლის 21 ივნისს სი დიქტატორად აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც მოიხსენია.

კომენტარები