ჩინეთი-გერმანია

კანგი: ჩინეთი უკრაინაში ომის არცერთ მხარეს იარაღს არ მიჰყიდის

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ცინ კანგი და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი

14 აპრილს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ცინ კანგის თქმით, ჩინეთი უკრაინაში ომის არცერთ მხარეს იარაღს არ მიჰყიდის. ამის შესახებ კანგმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკთან ერთად გამართულ კონფერენციაზე ისაუბრა.

ცინ კანგი ქვეყნის პირვევლი ოფიციალური პირია, რომელმაც ასეთი მკაფიო განცხადება გააკეთა რუსეთისთვის იარაღის მიყიდვასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ჩინეთი ორმაგი სამოქალაქო და სამხედრო გამოყენების პროდუქციის ექსპორტსაც დაარეგულირებს.

"სამხედრო ნივთების ექსპორტთან დაკავშირებით ჩინეთი სიფრთხილესა და პასუხისმგებლიანობას იჩენს. ჩინეთი არ მიაწვდის იარაღს კონფლიქტის არცერთ მხარეს და გააკონტროლებს ორმაგი დანიშნულების ნივთების ექსპორტს კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად." - თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამასთან, მისი თქმით, ჩინეთი კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მიზნით დასახმარებლად კვლავ მზად არის.

იმავე პრესკონფერენციაზე ცინმა ასევე დაადანაშაულა ტაივანის მთავრობა რეგიონალური დაძაბულობის შექმნაში მას შემდეგ, რაც ბეიჯინგმა ტაივანის გარშემო სამხედრო წვრთნების ჩატარება დაიწყო.

თებერვალში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანის, ანტონი ბლინკენის თქმით, ჩინეთი რუსეთისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას განიხილავდა. მისივე თქმით, კრემლის ომში ამგვარი ჩართვა “სერიოზული პრობლემა” იქნებოდა. 

თეთრი სახლი მიესალმა საგარეო საქმეთა მინისტრის დაპირებას, თუმცა აღნიშნა, რომ ჩინეთის ამგვარი მიმართულებით მოძრაობის არ სჯერა. 

"როგორც აქამდეც ვთქვით, ჩვენ არ გვჯერა, რომ ჩინეთის ინტერესებშია ამ მიმართულებით მოძრაობა. ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო მონიტორინგს." - თქვა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ედრიენ უოტსონმა.

ტაივანის გარშემო სამდღიანი ფართომასშტაბიანი საბრძოლო წვრთნების დასრულების შემდეგ ჩინეთის შეიარაღებული ძალებში ამბობენ, რომ საბრძოლველად მზად არიან. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს

"შეიარაღებული ჯარები მზადაა, ნებისმიერ დროს იბრძოლოს "ტაივანის დამოუკიდებლობის" ნებისმიერი ფორმისა და უცხოური ჩარევის მცდელობებს დასაძლევად". - ნათქვამია ჩინეთის შეიარაღებული ძალების განცხადებაში.

კომენტარები