ჩინეთი-გერმანია

ბერლინში ოლაფ შოლცი და ჩინეთის პრემიერმინისტრი, ლი ციანგი შეხვედრას მართავენ

ჩინეთის პრემიერმინისტრი, ლი ციანგი და გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი, 2023 წლის 20 ივნისი
AP Photo/Markus Schreiber

ჩინეთის პრემიერმინისტრი, ლი ციანგი, რომელიც ქვეყნის მეორე პირის რანგში პირველად მართავს უცხოურ ტურნეს, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს ხვდება.

20 ივნისს ბერლინში გამართული შეხვედრა გერმანიისა და ჩინეთის მთავრობებს შორის ბოლო დროს ჩატარებული რიგით მეშვიდე მაღალი დონის კონსულტაციაა, რაც ხაზს უსვამს ჩინეთის მცდელობას გააუმჯობესოს დასავლეთთან არსებული დაძაბული ურთიერთობა. ამ მიზნით 19 ივნისს პეკინში შეხვედრა სი ძინფინგსა და ენტონი ბლინკენს შორისაც  გაიმართა.

ლი, რომელიც მარტში პრემიერმინისტრის პოსტის დაკავებამდე შანხაის საკითხებში კომუნისტური პარტიის მდივანი იყო, 19 ივნისს გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვოლტერ შტაინმაიერს შეხვდა, მოგვიანებით კი, ფორმალური მოლაპარაკებების დაწყებამდე, შოლცთან ერთად ვახშამს დაესწრო.

გასულ კვირაში ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ვანგ ვენგბინის თქმით, ლი ციანგის არჩევანი თავისი პირველი უცხოური ტურნეს ფარგლებში პირველად სწორედ ბერლინში ჩასულიყო ჩინეთი-გერმანიის ურთიერთობების მნიშვნელობაზე პეკინის დამოკიდებულებას ცხადყოფს. მისივე თქმით, ჩინეთს სურს მსოფლიოს დიალოგისა და ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებისათვის პოზიტიური სიგნალი გაუგზავნოს.

გერმანიას პეკინის მიერ უკრაინაში ომთან დაკავშირებით თავდაჭერილობისა და რუსეთის კრიტიკაზე თავის არიდების მიუხედავად თავის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთან, ჩინეთთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნება სურს. გერმანიის მიერ ახლახან გამოქვეყნებული ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის თანახმად ჩინეთი ბერლინის "პარტნიორი, კონკურენტი და სისტემური მეტოქეა".

ევროკავშირის უდიდესი ეკონომიკის, გერმანიის შემდეგ ჩინეთის პრემიერმინისტრი საფრანგეთს ეწვევა, სადაც ემანუელ მაკრონის ინიციატივით გამართულ ახალი გლობალური დაფინანსების პაქტის სამიტს დაესწრება.

კომენტარები