ევროკავშირის ემბარგო

ზელენსკი ემბარგოს მოხსნაზე: უკრაინასა და EU-ს შორის ნამდვილი ერთიანობისა და ნდობის მაგალითია

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტზე ევროკავშირის შეზღუდვების მოხსნას გამოეხმაურა.

"ახლახან ვესაუბრე ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს. ევროკომისიის მხრიან შეზღუდვები ევროკავშირის ბაზარზე უკრაინული აგრარული პროდუქციისთვის მოხსნილია! გულწრფელად მადლობელი ვარ ურსულა ფონ დერ ლაიენის სიტყვის შესრულებისთვის და თავისუფალი ბაზრის წესების დაცვისთვის.

ეს არის უკრაინასა და ევროკავშირს შორის ნამდვილი ერთიანობისა და ნდობის მაგალითი. ევროპა ყოველთვის იმარჯვებს, როდესაც წესები მოქმედებს, ხოლო შეთანხმებები სრულდება. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ევროპულმა ერთიანობამ იმუშაოს ორმხრივ დონეზეც. რომ მეზობლებმა ომის დროს უკრაინას მხარი დაუჭირონ. ხოლო თუ მათი გადაწყვეტილებები ევროკავშირის კანონს დაარღვევს, უკრაინა ამაზე ცივილიზებულ პასუხს გასცემს". - წერს ზელენსკი.

ევროკომისია უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტზე დაწესებულ აკრძალვას აღარ ახანგრძლივებს

ევროკომისიის განცხადების მიხედვით, აკრძალვა 15 სექტემბერს ამოიწურა.

ევროკავშირის მიერ შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, პოლონეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე უარს აცხადებენ. 


2023 წლის აპრილში ბულგარეთმა, უნგრეთმა, პოლონეთმა, რუმინეთმა და სლოვაკეთმა უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა სახის სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტი აკრძალეს. მოგვიანებით მათ გააუქმეს ეს ზომები ევროკომისიის გადაწყვეტილების სანაცვლოდ, რომ დაწესებულიყო ემბარგო უკრაინიდან ოთხი სახის მარცვლეულის  - ხორბლის, სიმინდის, რაფსის და მზესუმზირის თესლების მიწოდებაზე ჯერ 5 ივნისამდე, შემდეგ კი 15 სექტემბრამდე. ქვეყნები ემბარგოს გახანგრძლივებას მინიმუმ მიმდინარე წლის ბოლომდე ითხოვდნენ.

კომენტარები