სტიქია ლიბიაში

ლიბიაში წყალდიდობის მსხვერპლთა რაოდენობა 11 300-მდე გაიზარდა

ლიბიაში ძლიერი შტორმისა და კაშხლების ნგრევით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11 300-მდე გაიზარდა. განახლებულ მონაცემებს წითელი ნახევარმთვარის რეგიონული ოფისი ავრცელებს.

ლიბიის აღმოსავლეთ ნაწილის ხელისუფლების ცნობით, ამ დრომდე დაკარგულად ითვლება კიდევ 10 000-მდე ადამიანი. ხელისუფლების წარმომადგენლები შიშობენ, რომ დაღუპულთა რიცხვა მომდევნო დღეებში, შესაძლოა, 20 000-ს მიაღწიოს.

ამავდროულად, გაეროს ინფორმაციით, სტიქიისგან გამოწვეული სხვადასხვა სახის ზიანის გამო დახმარების საჭიროება ლიბიის მილიონამდე მოქალაქეს უდგას.

ამავდროულად ლიბიის აღმოსავლეთ ნაწილის ხელისუფლების წარმომადგენლები უარყოფენ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს მათ საპორტო ქალაქი დერნას მაცხოვრებლები მოსალოდნელი წყალდიდობის შესახებ არ გააფრთხილეს. ხელისუფლების წარმომადგენელმა BBC-სთან საუბარში აღნიშნა, რომ სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული ქალაქი დერნას მოქალაქეების ნაწილი თვლიდნენ, რომ გაფრთხილებები გაზვიადებული იყო.

2011 წელს ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის მოკვლის შემდეგ ქვეყანა ორ ნაწილად გაიყო. ქვეყნის დედაქალაქ ტრიპოლის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა მართავს. აღმოსავლეთ ნაწილს კი ლიბიის ეროვნული არმიის გენერალი ხალიფა ჰაფთარი აკონტროლებს.

მიუხედავად კონფლიქტისა, ტრიპოლიში არსებულმა ხელისუფლებამ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში 14 ტონა სამედიცინო მარაგები და 100-მდე ექიმი გააგზავნა.

კომენტარები