სტიქია ლიბიაში

წყალდიდობის შემდეგ, ლიბიაში ინფექციური დაავადებების გავრცელების საფრთხეა

Planet Labs PBC

ლიბიაში, წყალდიდობის შემდეგ ინფექციური დაავადებების გავრცელების რისკი გაჩნდა. ქალაქ დერნაში მაშველები გვამების შესანახი ჩანთების მიწოდებას ითხოვენ. ჩანთების ნაკლებობაზე Al Jazeera-ს ეთერში სამძებრო სამუშაოების ჯგუფის დირექტორმა, ლუთფი ალ-მისრატიმმაც ისაუბრა.

ეპიდემიის გავრცელების შესახებ ვარაუდი სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული ქალაქის მერმა, აბდეულმენა ალ გაითიმაც გამოთქვა.

"ვშიშობ, რომ ქალაქი დაინფიცირდება ეპიდემიით ნანგრევებში და წყალში ცხედრების დიდი რაოდენობის გამო". - თქვა აბდეულმენა ალ გაითიმ.

ამასთან, საზღვაო პატრული ქალაქის სანაპირო ზოლში ამ დრომდე მუშაობს და გამორიყული გვამების პოვნას ცდილობს. ამ დრომდე აღმოჩენილი ცხედრები კი ქალაქ ტობრუკში იდენტიფიცირებისთვის გადაიყვანეს.

"სხეულები ყველგანაა, სახლებში, ქუჩებში, ზღვაში. სადაც არ უნდა წახვიდეთ, იპოვით გარდაცვლილ მამაკაცებს, ქალებსა და ბავშვებს". - უთხრა ერთ-ერთმა მაშვლემა, ემად ალ-ფალახმა Associated Press-ს ქალაქ დერნადან სატელეფონო ჩართვისას.


ლიბიის აღმოსავლეთ ნაწილის ხელისუფლების ჯანდაცვის მინისტრმა, ოთმან აბდელ ჯალილის ცნობით, ლიბიაში ძლიერი შტორმისა და კაშხლების ნგრევით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 5 300-მდე გაიზარდა.

სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული ქალაქი დერნას მერის ცნობით, სავარაუდოა, რომ წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20 000-მდე გაიზრდება. სამოქალაქო ავიაციის მინისტრის, ჰიჩემ აბუ ჩკიუტი თქმით, 10 000-ზე მეტი ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.

2011 წელს ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის მოკვლის შემდეგ ქვეყანა ორ ნაწილად გაიყო. ქვეყნის დედაქალაქ ტრიპოლის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა მართავს. აღმოსავლეთ ნაწილს კი ლიბიის ეროვნული არმიის გენერალი ხალიფა ჰაფთარი აკონტროლებს.

მიუხედავად კონფლიქტისა, ტრიპოლიში არსებულმა ხელისუფლებამ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში 14 ტონა სამედიცინო მარაგები და 100-მდე ექიმი გააგზავნა.

კომენტარები