სტიქია ლიბიაში

ლიბიაში წყალდიდობის კატასტროფულ შედეგებს სახელმწიფოს გაუფრთხილებლობას აბრალებენ – Reuters

BBC

Reuters-ის ცნობით, ლიბიაში წყალდიდობის კატასტროფულ შედეგებს სახელმწიფოს გაუფრთხილებლობასა და არასწორ პოლიტიკას აბრალებენ.

ლიბიელმა ჰიდროლოგმა, აბდულ ვანის აშურმა, დერნას კაშხალთა სისტემის გამოკვლევა 17 წლის წინ დაიწყო. მისი თქმით, ამ დროისთვის უკვე არსებობდა გამაფრთხილებელი ანგარიშები, სადაც ეწერა, რომ კაშხლებს შეკეთება სჭირდებოდა. 

"ლიბიის მთავრობას დერნას მდინარის ხეობაში არსებული სიტუაციის საფრთხის შემცველობაზე დიდი ხანია აქვს ინფორმაცია." – თქვა ჰიდროლოგმა.

ადგილობრივი ავტორიტეტები დერნას კაშხლის შეკეთებაზე 2007 წლიდან მუშაობდნენ. ამ წელს თურქულ კომპანია Arsel-თან დაიდო ხელშეკრულება. წყლის რესურსების სამინისტროს კაშხლის ჩამოშლის გამომკვლევი კომიტეტის სპიკერმა, ომარ ალ-მოღაირბიმ, Reuters-თან საუბარში თქვა, რომ 2011 წელს ქვეყანაში დაწყებული სამოქალაქო ომის გამო კონტრაქტორმა ვერ შეძლო საქმის შესრულება და აღარც დაბრუნებულა. 

სამუშოები არც ლიბიის აღმოსავლეთ რეგიონში ისლამური სახელმწიფოს დამარცხების შემდეგ აღდგა. 2021 წლის ლიბიის აუდიტის ბიუროს ანგარიშის მიხედვით, პროექტისათვის გამოყოფილი 2,3 მილიონი ევროს მიუხედავად, წყლის რესურსების სამინისტროს დერნას კაშხლებთან დაკავშირებით არაფერი მოუმოქმედებია. ანგარიშში არა ჩანს, რას მოხმარდა გამოყოფილი თანხა. 

ხელისუფლების კრიტიკოსთა აზრით, კაშხლების მიმართ უყურადღებობასთან ერთად მთავრობამ შტორმის მოახლებისას დერნას მაცხოვრებლები სათანადოდ არ დაიცვა.

დერნას მერმა, აბდულმენამ ალ-ღაითიმ ბრალდებათა საპასუხოდ თქვა, რომ მან ქალაქის ევაკუაციის შესახებ ბრძანება უბედურებამდე სამი-ოთხი დღით ადრე პირადად გასცა. მიუხედავად ამისა, დერნა შტორმის მოახლოებამდე თითქმის არავინ დატოვა. ავტორიტეტების ნაწილი მოსახლეობას დარჩენისკენ მოუწოდებდა. დერნას უსაფრთხოების ხელმძღვანელობამ კი ქალაქში კომენდანტის საათი გამოაცხადა. 

კატასტროფის დროს წყლის რესურსების სამინისტრო მოსახლეობას კვლავ აუღელვებლობისკენ მოუწოდებდა. 

"კაშხლები კარგ მდგომარეობაშია და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება." – ეწერა სამინისტროს Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში. 

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მეთაურმა, პეტერი ტაალასმა თქვა, რომ მოქმედი ამინდის სააგენტოს არსებობის შემთხვევაში, ქვეყანაში მასობრივი მსხვერპლის არიდება შესაძლებელი იყო. 

"საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანოები მოსახლეობის ევაკუაციას მოახდენდნენ და შევძლებდით, ადამიანური დანაკარგი აგვერიდებინა." – თქვა მან.


10 სექტემბერს შტორმის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ ლიბიაში მსხვილი დანაკარგი გამოიწვია. წყალდიდობამ დერნას კაშხლები გაანგრია და ქალაქი მნიშვნელოვნად დააზიანა. ბოლო მონაცემებით, წყალდიდობის შედეგად ლიბიაში 11 300-მდე ადამიანი დაიღუპა. 

ლიბიის აღმოსავლეთ ნაწილის ხელისუფლების წარმომადგენლები უარყოფენ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს მათ საპორტო ქალაქი დერნას მაცხოვრებლები მოსალოდნელი წყალდიდობის შესახებ არ გააფრთხილეს. ხელისუფლების წარმომადგენელმა BBC-სთან საუბარში აღნიშნა, რომ სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული ქალაქი დერნას მოქალაქეების ნაწილი თვლიდნენ, რომ გაფრთხილებები გაზვიადებული იყო.

2011 წელს ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის, მკვლელობის შემდეგ ქვეყანა ორ ნაწილად გაიყო. ქვეყნის დედაქალაქ ტრიპოლის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა მართავს, აღმოსავლეთ ნაწილს კი ლიბიის ეროვნული არმიის გენერალი ხალიფა ჰაფთარი აკონტროლებს.

კომენტარები