სტიქია ლიბიაში

ლიბიაში წყალდიდობის მსხვერპლთა რაოდენობა 5 300-მდე გაიზარდა

ლიბიაში ძლიერი შტორმისა და კაშხლების ნგრევით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 5 300-მდე გაიზარდა. განახლებული მონაცემები Reuters-ს ლიბიის აღმოსავლეთ ნაწილის ხელისუფლების ჯანდაცვის მინისტრმა, ოთმან აბდელ ჯალილმა მიაწოდა.

სამოქალაქო ავიაციის მინისტრის, ჰიჩემ აბუ ჩკიუტის შეფასებით, სავარაუდოა, რომ გარდაცვლილთა რიცხვი გაორმაგდება. მისი თქმით, 10 000-ზე მეტი ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ლიბის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე საპორტო ქალაქ დერნაში, სადაც სტიქიის შედეგად ორი კაშხალი დაინგრა, მოვარდნილმა წყალმა კი დასახლებები გაანადგურა.

როგორც BBC აღნიშნავს, სხვადასხვა ქვეყნები მზად არიან ლიბიას როგორც ჰუმანიტარული ასევე სამაშველო დახმარება გაუწიონ, თუმცა, ქვეყანაში ორი ხელისუფლების არსებობა მოლაპარაკებებს ართულებს და აფერხებს.

2011 წელს ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის მოკვლის შემდეგ ქვეყანა ორ ნაწილად გაიყო. ქვეყნის დედაქალაქ ტრიპოლის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა მართავს. აღმოსავლეთ ნაწილს კი ლიბიის ეროვნული არმიის გენერალი ხალიფა ჰაფთარი აკონტროლებს.

მიუხედავად კონფლიქტისა, ტრიპოლიში არსებულმა ხელისუფლებამ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში 14 ტონა სამედიცინო მარაგები და 100-მდე ექიმი გააგზავნა.

კომენტარები