სტიქია ლიბიაში

ლიბიის აღმოსავლეთ ნაწილის ხელისუფლება: წყალდიდობამ, სულ მცირე, 2 000 ადამიანი იმსხვერპლა

ლიბიის აღმოსავლეთ ნაწილის ხელისუფლების ცნობით, ძლიერი შტორმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას, სულ მცირე, 2 000 ადამიანი ემსხვერპლა, ათასობით ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. სტიქიის ეპიცენტრად ქალაქი დერნა სახელდება.

დღის განმავლობაში, წითელი ნახევარმთვარის რეგიონული ოფისი ავრცელებდა ინფორმაციას, რომ სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 150-ს აღემატებოდა და სავარაუდოდ, 250-ს გადააჭარბებდა.

ლიბიის ეროვნული არმიის [რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს აკონტროლებს] სპიკერის, აჰმედ მისმარის თქმით, დერნაში ბუნებრივი კატასტროფა ქალაქის თავზე არსებული კაშხლების ნგრევამ გამოიწვია, რამაც "წყლის დიდი მასის მოვარდნა და სამეზობლოების წყლით დაფარვა გამოიწვია".  

აჰმედ მისმარის მონაცემებით, დაკარგული მოქალაქეების რაოდენობა 5 000-დან 6 000-მდეა.

2011 წელს ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის მოკვლის შემდეგ ქვეყანა ორ ნაწილად გაიყო. ქვეყნის დედაქალაქ ტრიპოლის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა მართავს. აღმოსავლეთ ნაწილს კი ლიბიის ეროვნული არმიის გენერალი ხალიფა ჰაფთარი აკონტროლებს.

კომენტარები