ჰანტერ ბაიდენის საქმე

ბაიდენის ადვოკატი: ბრალდება სავარაუდოდ არაკონსტიტუციურია და საქმე სასამართლომდე დაიხურება

ჰანტერ ბაიდენი და ჯო ბაიდენი
Politico

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის ერთ-ერთი ადვოკატის, ევი ლოუელის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ იარაღის უკანონო შეძენასთან დაკავშირებული ბრალდება "სავარაუდოდ არაკონსტიტუციურია" და მისი ვარაუდით "საქმე სავარაუდოდ სასამართლომდე დაიხურება".

"არსებული ფაქტების წინააღმდეგ, ვფიქრობ, რომ გვექნება შესაბამისი თავდაცვა". - უთხრა ლოუელმა ABC-ის ჟურნალისტს, ჯორჯ სტეფანოპულოსს.

ბაიდენს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენისას ცრუ განცხადებებთან დაკავშირებით ორი მუხლით წარუდგინეს, ხოლო მის წინააღმდეგ წარდგენილი დამატებით ერთი ბრალდება ნარკოტიკებზე დამოკიდებულების დროს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ფლობას გულისხმობს.

მიუხედავად იმისა, რომ კრიმინალური სტატუტები ცხადყოფს, რომ ნარკოტიკებზე დამოკიდებულების დროს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ფლობა ან შეძენისთვის საჭირო ფორმის შევსება დანაშაულია, უმცროსი ბაიდენის ადვოკატი ვარაუდობს, რომ ბრალდება არაკონსტიტუციურია. ლოუელი სასამართლოს უკანასკნელ გადაწყვეტილებებს ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც ნარკოტიკის მოხმარება ადამიანს იარაღის ფლობის უფლებას ავტომატურად არ უნდა ართმევდეს.

"ერთადერთი ცვილელება რომელიც მოხდა გამოძიების მიმდინარეობის [კონკრეტული დანაშაულზე] და დღევანდელ მდგომარეობას შორის არის ის, რომ კანონი შეიცვალა, თუმცა, კანონი არ შეცვლილა ბრალდების სასარგებლოდ. კანონი შეიცვალა მის წინააღმდეგ". - თქვა ლოუელმა.


ჰანტერ ბაიდენი შეძენილ იარაღს 11 დღის განმავლობაში ინახავდა. გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც მისმა იმდროინდელმა შეყვარებულმა 38-კალიბრიანი პისტოლეტი სასურსათო მაღაზიის უკან მდებარე ნაგვის ურნაში გადააგდო.

ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური კანონით, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენისას ტყუილი და ნარკოტიკების მოხმარებისას ცეცხლსასროლი იარაღის ყიდვა სისხლის სამართლის დანაშაულებია.

ივნისში საპროცესო შეთანხმების გაფორმების მცდელობისას ბაიდენმა გადასახადების გადაუხდელობის ორ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ფლობის ბრალდების აღიარებაც მოუწევდა, თუმცა საბოლოოდ გარიგება ვერ შედგა. აშშ-ს რაიონული სასამართლოს მოსამართლის, მარიელენ ნორეიკას თქმით, “შეთანხმებას ბეჭედს ვერ დაარტყამდა”, რადგან იარაღთან დაკავშირებულ საქმეზე ასეთი სახის გადაწყვეტა “უჩვეულო” იქნებოდა.

ამჟამად ჰანტერ ბაიდენისთვის წარდგენილი სამივე ბრალი ერთობლივად მაქსიმუმ 25 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჯერჯერობით უცნობია სად და როდის წარდგება ბაიდენი პირველად სასამართლოს წინაშე. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა მოქმედი პრეზიდენტის შვილს ბრალი წარედგინა.

კომენტარები