ჰანტერ ბაიდენის საქმე

FBI-ს ყოფილ ინფორმატორს ჯო და ჰანტერ ბაიდენების შესახებ ცრუ ჩვენებების გამო ბრალი წარუდგინეს

ჰანტერ ბაიდენი და ჯო ბაიდენი

აშშ-ს სპეციალური პროკურორის, დევიდ ვაისის თქმით, რომელიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შვილის ჰანტერ ბაიდენის საქმეს იძიებს, გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ყოფილ ინფორმატორს, ალექსანდრ სმირნოვს ბრალი წარუდგინეს უკრაინულ ენერგეტიკულ კომპანია Burisma Holdings-სთან ჯო და ჰანტერ ბაიდენების კავშირების შესახებ ცრუ ჩვენებების მიცემის გამო. 

როგორც ვაისის განცხადებაშია აღნიშნული, სმირონოვს ბრალი ედება გამოძიებასთან დაკავშირებით "ცრუ განცხადების და ცრუ და ფიქტიური ჩანაწერების გაკეთებაში". ამასთან, სმირნოვს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მაქსიმუმ 25 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ალექსანდრ სმირნოვი გუშინ, 15 თებერვალს ჰარი რეიდის საერთაშორისო აეროპორტში ლას-ვეგასში, ნევადაში დააკავეს. 

ჰანტერ ბაიდენი Burisma Holdings-ის დირექტორთა საბჭოს წევრი 2014-2019 წლებში იყო. ამ პერიოდში ჯო ბაიდენი აშშ-ს ექსპრეზიდენტის, ბარაკ ობამას დროს აშშ-ს ვიცეპრეზიდენტის პოსტს იკავებდა. როგორც სმირნოვი ირწმუნებოდა, 2017 წელს ელაპარაკა Burisma-ს მფლობელს ამერიკული ფირმის შეძენასთან დაკავშირებით. ამასთან, როგორც საბრალდებო დასკვნაშია ნათქვამი, 2020 წელს სმირნოვმა გააკეთა ცრუ განცხადებები 2015 ან 2016 წლების ორი შეხვედრის შესახებ, რა დროსაც, მისი მტკიცებით, Burisma-სთან დაკავშირებულმა პირებმა უთხრეს, რომ ჰანტერ ბაიდენი დაიქირავეს, რათა "მამამისის დახმარებით, დაეცვათ ყველა სახის პრობლემისგან". 

საბრალდებო დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ სმირნოვმა ცრუ განცხადება გაავრცელა, როდესაც აღნიშნა, რომ ენერგოკომპანია Burisma-მ 5 მილიონი დოლარი გადაუხადა ჯო და ჰანტერ ბაიდენებს, რათა "ყველანაირი პრობლემა მოეგვარებინათ" უკრაინის მაშინდელი გენერალური პროკურორის გამოძიებასთან დაკავშირებით ენერგოკომპანიის წინააღმდეგ.

"თვეების განმავლობაში ჩვენ ვაცხადებდით, რომ რესპუბლიკელების კონსპირაციები ჰანტერ ბაიდენისა და მისი ოჯახის შესახებ იმ ტყუილებზე იყო აგებული, რომლებსაც პოლიტიკური წესრიგის მქონე პირები ავრცელებდნენ და არა ფაქტებზე". - თქვა ჰანტერ ბაიდენის ადვოკატმა, ები ლოუელმა.

დეკემბერში აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის საიმპიჩმენტო გამოძიების დაწყებას. ამავე პერიოდში ზოგიერთი რესპუბლიკელი მიუთითებდა ჰანტერ ბაიდენის როლს Burisma-ს საქმეში და აშშ-ს პრეზიდენტის ოჯახის წევრებს ათობით მილიონის შემოსავლის მიღებაში ადანაშაულებდა "პროფესიებიდან, რომელშიც გამოცდილება არ ჰქონიათ". 

კომენტარები