რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პენტაგონმა უკრაინაში აშშ-ს დახმარების მონიტორინგის ჯგუფი დააფუძნა

უკრაინელი სამხედროების მიერ მიღებული სამხედრო დახმარება
SERGEI SUPINSKY/AFP/Getty Images

უკრაინაში პენტაგონის დამკვირვებელმა დააფუძნა ახალი ჯგუფი, რომელიც კიევისთვის აშშ-ს მიერ გადაცემულ უსაფრთხოების დახმარებას გააკონტროლებს. ახალი ჯგუფის შექმნა მოხდა რესპუბლიკური პარტიის წევრების მზარდი მოწოდებების პარალელურად, რომ გადაცემული თანხები უკეთ გაეკონტროლებინათ.

CNN-თან აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის გენერალური ინსპექციის სამსახურში თქვეს, რომ აშშ-ს მაღალი რანგის წარმომადგენელმა უკრაინაშ მუშაობა აგვისტოს ბოლოდან დაიწყო და სექტემბრის ბოლომდე სხვა პროფესიონალების ჩასვლასაც ელიან. მათი ოფისი კიევში აშშ-ს საელჩოში იქნება და ამერიკის გაღებული დახმარების ხარჯვას აქედან გააკონტროლებენ. 

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის გენერალური ინსპექციის თანამშრომლები უკრაინის ტერიტორიაზე იმუშავებენ.

როგორც CNN-ი წერს, მათ მოიპოვეს 2022 წლის ოქტომბრით დათარიღებული ანგარიში, რომელიც აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ეკუთვნოდა. როგორც მედია წერს, დოკუმენტში ნათქვამი იყო, რომ აშშ-ს შესაძლებლობა, გაეკონტროლებინა უკრაინისთვის გადაცემული დახმარება, "გამოწვევის" წინაშე იყო, რადგან ქვეყანაში ამერიკელთა წარმომადგენლობა მცირე იყო.

CNN-ის ცნობით, ანგარიშში ასევე ეწერა, რომ ომის პირველი 6 თვის განმავლობაში კიევში განთავსებული თავდაცვის კოოპერაციის ოფისი ვერ ასრულებდა გადაცემული იარაღის შესაბამის კონტროლს. ამას გარდა, ხაზგასმული იყო, რომ აშშ-სთვის სირთულეს წარმოადგენდა გაჰყოლოდნენ იმ უამრავი იარაღის კვალს, რომელიც ამ თვეების განმავლობაში უკრაინაში ჩაჰქონდათ. როგორც CNN-ი წერს, ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ კრიმინალები, მოხალისეები და იარაღის კონტრაბანდისტები დასავლეთის მიწოდებული შეიარაღების ნაწილის ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ.

უკრაინის პროკურატურა: თავდაცვის სამინისტრომ ჯარისთვის მილიონობით უხარისხო პროდუქტი იყიდა

კომენტარები