ვიეტნამი

ვიეტნამში კორპუსში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 30 ადამიანი ემსხვერპლა

ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 30 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით ადამიანი კი დაშავებულია. ინფორმაციას ვიეტნამის სამთავრობო მედია ქალაქის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სახელმწიფო მედიის ცნობით, 9-სართულიანი შენობიდან მაშველებმა 70-მდე ადამიანი გამოიყვანეს. მათგან 50-ს საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა.

ხანძარი, რომელიც გუშინ, გვიან ღამით კორპუსის ავტოსადგომზე გაჩნდა ამ დროისთვის ლიკვიდირებულია, თუმცა, ადგილზე კვლავ გრძელდება სამაშველო სამუშაოები.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ჰანოიში ახალაშენებული კორპუსების დიდი ნაწილი სახანძრო უსაფრთხოების რეგულაციებს ვერ პასუხობს. უკანასკნელ 20 წელიწადში ვიეტნამის დედაქალაქში მოსახლეობის რაოდენობა გაოთხმაგდა და 5.25 მილიონს მიაღწია.

კომენტარები