ვიეტნამი

ვიეტნამის პრეზიდენტი თანამდებობას ტოვებს, პარტია მას წესების დარღვევაში ადანაშაულებს

ვო ვან თიონგი

ვიეტნამის კომუნისტურმა პარტიამ მიიღო პრეზიდენტი ვო ვან თიონგის გადადგომის მოთხოვნა. ქვეყნის ლიდერის მიერ პოსტის დატოვებას შესაძლოა პოლიტიკური კრიზისი მოჰყვეს.

ვიეტნამის მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ თიონგმა დაარღვია პარტიის წესები, რამაც "უარყოფითად იმოქმედა საზოგადო მოსაზრებებზე, ცუდი გავლენა იქონია პარტიის რეპუტაციაზე, ქვეყანასა და პირადად მასზე".

პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა პრეზიდენტის გადადგომა მისი არჩევიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ დააკმაყოფილა. პრეზიდენტი ვიეტნმაში დიდწილად ფორმალურ როლს ასრულებს, თუმცა ეს თანამდებობა ქვეყნის ოთხი უმაღლესი პოზიციიდან ერთ-ერთია.

ვიეტნამის მთავრობის განცხადებაში არაა დაზუსტებული, რა ნაკლოვანებები ჰქონდა თიონგს, თუმცა ბოლო პერიოდში ერთპარტიული მმართველობის მქონე ქვეყანაში საკადრო ცვლილებები ძირითადად ანტიკორუფციულ კამპანიასთან იყო დაკავშირებული. ამ ზომების მიზანია აღმოიფხვრას ფართოდ გავრცელებული კორუფცია, თუმცა, ამ პოლიტიკის კრიტიკოსების აზრით, სინამდვილეში ეს ნაბიჯები პოლიტიკური შიდადაპირისპირების მეთოდია.

თიონგმა თანამდებობის დატოვების განცხადება მას შემდეგ წამოაყენა, რაც პოლიციამ ათწლეულის წინ ჩადენილი კორუფციული დანაშაულის ბრალდებით დააკავა ქუანგ გაის პროვინციის ყოფილი ხელმძღვანელი. ის მოვალეობას მაშინ ასრულებდა, როცა თიონგი ამ რეგიონში პარტიას ხელმძღვანელობდა. ამას გარდა, ის იყო ხოშიმინის ეკონომიკურ ცენტრში კომუნისტური პარტიის უმაღლესი წარმომადგენელი. 

აქამდე მიიჩნეოდა, რომ თიონგს ახლო ურთიერთობა ჰქონდა პარტიის გენერალურ მდივან ნგუენ ფუ ჩონგთან, რომელიც ვიეტნამში ყველაზე გავლენიანი პირი და ანტიკორუფციული კამპანიის მთავარი შემოქმედია.

გასულ წელს, მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრეზიდენმა, ნგუენ სუან ფუკმა თანამდებობა მისი მმართველობის დროს მაღალჩინოსანთა "დარღვევებისა და ცუდად მოქცევის" გამო დატოვა, დეპუტატებს თიონგის პრეზიდენტად დასანიშნად თვე-ნახევარი დასჭირდათ.

ახალი პოლიტიკური კრიზისი შესაძლოა ჩქარა ჩატარებული არჩევნებით გადაწყდეს, თუმცა ხშირი პოლიტიკური ცვილებები ქმნის საფრთხეს, რომ უცხოელი ინვესტიციები ქვეყანაში არსებული გარემოთი დაფრთხებიან, ვიეტნამი კი მატ ინვესტიციებზე ძლიერ დამოკიდებულია.

კომენტარები