საარჩევნო კოდექსის ცვლილება

ISFED საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე: ინიციატივა მხოლოდ ფორმალურ ცვლილებად შეიძლება ჩაითვალოს

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაცია (ISFED) საარჩევნო კოდექსის ცვლილებას განცხადებით გამოეხმაურა, სადაც წერია, რომ ინიცირებული კანონპროექტი არჩევის წესში არსებულ პრობლემებს ვერ აღმოფხვრის და ის მხოლოდ ფორმალურ ცვლილებად თუ ჩაითვლება, რომელიც მმართველი პარტიის მიერ ძალაუფლების სრული კონცენტრაციის ტენდენციას გააგრძელებს.

საქმე ეხება ახალ კანონპროექტს, რომლის თანახმად 76 ხმის ნაცვლად, რომლითაც არსებული სისტემის მიხედვით ცესკოს თავმჯდომარე და წევრები 5 წლის ვადით ირჩევიან, ახლა საჭირო იქნება 90 ხმის მობილიზება, ანუ ხმების 3/5-ის. იმ შემთხვევაში, თუ 90 ხმა ვერ მოგროვდა, გადაწყვეტილების მიღება ისევ 76-ხმიანი სისტემით მოხდება. თუ საკანონმდებლო ორგანოში ვერც 76 ხმაზე შეთანხმდა, მაშინ პარლამენტი კანდიდატებს საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს და პრეზიდენტი გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად მიიღებს.

"ინიცირებული ცვლილებები არსებითად არ აგვარებს ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის წესში არსებულ მთავარ პრობლემებს, კერძოდ, ცესკოს წევრობის/თავმჯდომარეობის კანდიდატებს, წინა ცვლილებებით მიღებული წესის მსგავსად, კვლავ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეარჩევს და წარუდგენს პარლამენტს, რომელსაც, თავის მხრივ, უბრალო უმრავლესობითაც შეეძლება კანდიდატების სრული ვადით, 5 წლით არჩევა".- წერია ISFED-ის განცხადებაში.

ქართული ოცნება ხაზს უსვამს, რომ ინიციატივა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებულ 12-პუნქტიანი გეგმის განხორციელების შუალედურ შეფასებასთან არის დაკავშირებული. 

არასამთავრობო ორგანიზაციის განხცადებაში მითითებულია, რომ ცვლილებები “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” მიერაც უარყოფითად შეფასდა. მათივე თქმით, ევროკომისია საქართველოსგან მოელის საარჩევნო კანონმდებლობაში ვენეციის კომისიის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ეუთო/ოდირი) რეკომენდაციების ასახვას, საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო საერთაშორისო  პრაქტიკასთან შესაბამებას, რაც ამ კონკრეტული კანონპროექტით ნაკლებად განხორციელდება. განცხადებაში დამატებით მოხმობილია ოლივერ ვარჰეის 22 ივნისის ზეპირი მოხსენებაც, რომლის მიხედვითაც, ცესკოს დაკომპლექტების წესთან დაკავშირებული 13 ივნისის საკანონმდებლო ცვლილებები უკან უნდა იყოს გახმობილი.

"ცესკოს დაკომპლექტების პროცესში კვლავ არ იქნება უზრუნველყოფილი პრეზიდენტის ინსტიტუტის არსებითი და გონივრული მონაწილეობა, რაც კანდიდატთა შერჩევის ეტაპიდან პრეზიდენტის ჩამოშორებასა და შესარჩევი საკონკურსო კომისიის პარლამენტის თავმჯდომარესთან დატოვებაში გამოიხატება. პირველ რიგში, იმის ალბათობა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა სამი კენჭისყრის შემდეგაც სასურველ კანდიდატს ვერ აირჩევს და პრეზიდენტს მიეცემა ცესკოს წევრების დანიშვნის უფლება, მცირეა. იმ შემთხვევაში კი, თუ ეს მაინც მოხდება, პრეზიდენტის მიერ ცესკოს წევრების ერთპიროვნულად დანიშვნის უფლებამოსილება შეუსაბამოა ძალაუფლების განაწილების სამართლებრივ-პოლიტიკურ ლოგიკასთან. გარდა ამისა, ეს მოდელი ხელს არ შეუწყობს საპარლამენტო პარტიებს შორის კონსენსუსის მიღწევას და ვერ გაზრდის ცესკოს წევრების მიმართ ნდობას".- წერია განცხადებაში.

კომენტარები