იურიდიულმა კომიტეტმა საარჩევნო კოდექსის ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა. მოტივირებული შენიშვნები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ წარადგინა.
საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესახებ მესამე მოსმენით მიღებული კანონპროექტის თანახმად, სხვადასხვა დადგენილებისა და საკადრო ცვლილების მისაღებად ახლა ცესკოს წევრთა ხმების 2/3 იქნება საჭირო, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ცესკოს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ვერ მოგროვდება ხმათა 2/3, გადაწყვეტილების მიღება საარჩევნო ადმინისტრაციის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერით მოხდება.
კანონპროექტი ითვალისწინებს ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის გაუქმებასაც, რომელიც სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ შერჩეული საერთაშორისო ან ადგილობრივი ექსპერტებისგან შედგება.
პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების დოკუმენტის თანახმად, საარჩევნო კოდექსის ცვლილებების მიღებით "უქმდება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში პარტიებს შორის კონსენსუსის საჭიროება და მნიშვნელოვნად უარესდება ოპოზიციური პარტიების მონაწილეობის საკითხი".
რაც შეეხება ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის გაუქმების საკითხს, ვეტოს დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შესაბამისი ცვლილება მიუღებელია, ვინაიდან საკონსულტაციო ჯგუფის ფუნქციაა, ცესკოს, უცხოელ და ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად, წარუდგინოს რეკომენდაციები დავების განხილვის პროცესთან დაკავშირებით. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნა საკონსულტაციო ჯგუფისთვის დამატებითი ფუნქციების მინიჭებას ითვალისწინებდა, მათ შორის, საარჩევნო პროცესზე დაკვირვებასაც.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტს ვეტო 13 ივნისს დაადო.