ქართული ოცნება ცესკოს თავმჯდომარისა და ვაკანტური წევრების შერჩევის წესს ცვლის. ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე მმართველი გუნდის დეპუტატმა, გივი მიქანაძემ ისაუბრა.
ახალი კანონპროექტის თანახმად, 76 ხმის ნაცვლად, რომლითაც ახლანდელი სისტემის მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარე და წევრები 5 წლის ვადით აირჩევა, ახლა საჭირო იქნება 90 ხმის მობილიზება, ანუ ხმების 3/5-ის. იმ შემთხვევაში, თუ 90 ხმა ვერ მობილიზდება, გადაწყვეტილების მიღება ისევ 76-ხმიანი სისტემით მოხდება. თუ საკანონმდებლო ორგანო ვერც 76 ხმაზე შეთანხმდა, მაშინ პარლამენტი არსებულ კანდიდატებს საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს და პრეზიდენტი გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად მიიღებს.
როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, კანონში ეს ცვლილება სექტემბრის ბოლოს დამტკიცდება, რადგან, 2024 წელს მომდევნო საპარლამენტო არჩევნებია ჩანიშნული. მისივე განმარტებით, აღნიშნული ცვლილება 12-პუნქტიანი გეგმის განხორციელების შუალედურ შეფასებასთან არის დაკავშირებული.
3 ივლისს საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო დაძლია. ცვლილებებს კენჭი იმავე დღეს თავიდან უყარეს და პარლამენტმა ის დაამტკიცა.
ქართული ოცნების დეპუტატების მიერ ინიცირებული ცვლილებების თანახმად, თავმჯდომარისა და რამდენიმე წევრის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. არსებული კანონმდებლობით, ეს უფლებამოსილება მხოლოდ პრეზიდენტს ჰქონდა.