მოლდოვა

მოლდოვიდან ქვეყნის საქმეებში ჩარევაში ეჭვმიტანილი SPUTNIK MOLDOVA-ს ხელმძღვანელი გააძევეს

Sputnik Moldova-ს ხელმძღვანელი ვიტალი დენისოვი
Ria.ru/Natalya Ayryan

მოლდოვიდან რადიო სპუტნიკის ადგილობრივი ფილიალის ხელმძღვანელი ვიტალი დენისოვი გააძევეს. დეპორტირებული რუსი ჟურნალისტი ეჭვმიტანილია "ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში". ინფორმაციას გამოცემა TACC მოლდოვის გენერალურ საემიგრაციო ინსპექციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გენერალური ინსპექციის საიტზე წერია, რომ 56 წლის რუსეთის მოქალაქე მიჩნეულ იქნა არასასურველ პირად. მას მოლდოვის ტერიტორიაზე 10 წლით შემოსვლა ეკრძალება.

დენისოვის თქმით 13 სექტემბრის დილას მასთან სახლში საემიგრაციო სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ და პირველივე რეისით ქვეყნის დატოვება აიძულეს. დენისოვი ამბობს, რომ ბარგის ჩალაგება და შინაური ცხოველების წაყვანაც კი ვერ მოასწრო.

"ეს არ არის ერთჯერადი აქცია, არამედ მოლდოვის ამჟამინდელი ხელისუფლების "დემოკრატიის" კონცეფციისადმი არაადეკვატური დამოკიდებულების ჯაჭვის კიდევ ერთი რგოლია. მათ არ ესმით რა არის ადამიანის უფლებები, სიტყვისა და ჟურნალისტების თავისუფლება". – განაცხადა რუსეთის ფედერაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

მოლდოვიდან დენისოვის გაძევების ფაქტი გააკრიტიკა ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა იგორ დოდონმა, რომელიც პრორუსულ პოლიტიკოსად და ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერად ითვლება.

კომენტარები