რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინელი პილოტები F-16-ებით ფრენას სამ თვეში შეძლებენ – აშშ-ს საჰაერო ძალები

რუმინეთის საჰაერო ძალების F-16

აშშ-ს საჰაერო გვარდიის დირექტორის, გენერალ-ლეიტენანტი მაიკლ ლოჰის თქმით, უკრაინელი პილოტები F-16-ის ტიპის თვითმფრინავებით ფრენას სამ თვეში შეძლებენ, თუმცა, საბრძოლო ველზე მათ გამოყენებას დამატებით დრო დასჭირდება.

ლოჰმა ასავე აღნიშნა, რომ უკრაინელი პილოტები, სავარაუდოდ, ოქტომბრისთვის ჩავლენ აშშ-ს საჰაერო გვარდიის ძალების ბაზაზე არიზონაში.

ამ პილოტებს ამჟამად უტარდებათ ტესტირება ინგლისური ენის ცოდნის შესამოწმებლად, ხოლო ლოჰის თქმით, მათი ცოდნისა და მოიერიშე თვითმფრინავების მართვასთან დაკავშირებული გამოცდილების მიხედვით, ტრენინგის დასრულება სამი თვის ვადაში შეეძლებათ.

გარდა ამისა, აშშ-ში წვრთნების დასრულების შემდეგ უკრაინელ მფრინავებს ევროპაში NATO-ს წევრი ქვეყნები დამატებით ტრენინგებს ჩაუტარებენ. 

ლოჰმა ასევე აღნიშნა, რომ 9-თვიანი ტრენინგის გავლა აუცილებელია იმ პილოტებისთვის, რომლებსაც არ აქვთ მოიერიშე თვითმფრინავების მართვის გამოცდილება. 

შეგახსენებთ, რომ სექტემბრის დასაწყისში უკრაინის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები F-16-ების გამოყენებას ფრონტზე 2024 წლის გაზაფხულისთვის შეძლებდნენ.

ამასთან, უკრაინის სამხედრო პირები იმედოვნებენ, რომ თავდაცვის ძალები მიმდინარე წლის შეძლებენ F-16-ების ბრძოლის ველზე გამოყენებას.  

კომენტარები