რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სევასტოპოლზე უკრაინის დარტყმის შედეგად დაზიანდა 2 გემი – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

სოციალურ ქსლებში გავრცელებული ფოტო, რომელშიც ცეცხლმოკიდებული გემი ჩანს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ოკუპირებულ სევასტოპოლში, სადაც მათი შავი ზღვის ფლოტია განთავსებული, უკრაინის მიერ მიტანილი იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა ხომალდების სარემონტო ქარხანაში და დაზიანდა ორი გემი.–

რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებამდე ოკუპირებული ყირიმის ადგილობრივ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა ვიდეოები, რომლებშიც აფეთქების ხმები ისმოდა. შემდეგ გავრცელდა ფოტოებიც, რომლებზეც ცეცხლმოკიდებული გემი ჩანდა.

ხანძარი სერგო ორჯონიკიძის სახელობის ხომალდების სარემონტო ქარხანაში გაჩნდა.

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, ქალაქის მიმართულებით უკრაინელებმა ისროლეს 10 ფრთოსანი რაკეტა, რომელთაგან ჰსთ-ს მეშვეობით 7 ჩამოაგდეს. ამას გარდა, მათივე მტკიცებით, მოიგერიეს შავი ზღვის ფლოტზე 3 უპილოტო კატერით თავდასხმის მცდელობაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არ აკონკრეტებს იმ გემების სახელებსა და კლასს, რომლებიც დაზიანდა, არც ზიანის ხარისხს.

რუსული მედიის ცნობით, დაშავდა 24 ადამიანი.

კომენტარები