რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტების გაშვებული Shahed-ის ტიპის 20 დრონიდან 16 გავანადგურეთ – უკრაინა

 Shahed-136-ის ტიპის დრონების ნარჩენები ხარკოვში, 2022 წლის 6 ოქტომბერი.
 STRINGER / REUTERS

8 სექტემბრის ღამით რუსეთმა უკრაინაზე Shahed-136/131-ის ტიპის 20 დრონით მიიტანა იერიში. მათგან 16 კი უკრაინამ გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა და სამხრეთ თავდაცვის ძალები ავრცელებენ

"ჯამში Shahed-ის ტიპის დრონის შეტევის 20 შემთხვევა გამოვავლინეთ. საბრძოლო სამუშაოების შედეგად Shahed-136/131-ის 16 დრონი ოდესისა და მიკოლაივის ოლქებში გავანადგურეთ". - აღნიშნულია უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის განცხადებაში. 

ამავე ინფორმაციით, უკრაინამ ოკუპანტების იერიში ძირითადად საზენიტო სარაკეტო დანაყოფების, მოიერიშე თვითმფრინავების და საჰაერო ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფებისა დახმარებით მოიგერია. 

ამასთან, სამხრეთ თავდაცვის ძალებმა დააზუსტეს, რომ Shahed-ის ტიპის 2 დრონი ჩამოაგდეს მიკოლაივის ოლქში, 14 კი ოდესის ოლქში.

7 სექტემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე უკრაინის საჰაერო ძალებმა ოკუპანტების მიერ Shahed-ის დრონების რამდენიმე პარტიის გაშვების შესახებ გაავრცელეს ცნობა.

კომენტარები