პრეზიდენტის იმპიჩმენტი

ბეჟაშვილი იმპიჩმენტზე: ენმ არც პოლიტიკურ ვაჭრობას და არც პროცესში მონაწილეობას არ აპირებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავჯდომარე, ლევან ბეჟაშვილი Palitranews-ის ეთერში ქართული ოცნების მიერ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას გამოეხმაურა.

ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა ნაციონალური მოძრობა სალომე ზურაბიშვილთან "ვაჭრობას" მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით, ბეჟაშვილი პასუხობს, რომ ენმ ამ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს და "პოლიტიკურ ვაჭრობას" არ დაიწყებს.

"ნაციონალური მოძრაობა ამ თემაზე არც ულტიმატუმების ენით საუბარს და არც ვაჭრობას არ აპირებს, თუმცა, აქ არის ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი მოცემულობა, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილის ტყვეობა არის იმის განსახიერება, თუ როგორ არის დატყვევებული საქართველოს ევროპული პერსპექტივა [...] პრეზიდენტმა უნდა აიღოს ეს პასუხისმგებლობა, ისარგებლოს კონსტიტუციური უფლებამოსილებით და გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი" - ამბობს ბეჟაშვილი. 

ლევან ბეჟაშვილმა მმართველი გუნდის მიერ დაწყებულ იმპიჩმენტის პროცედურას ფსევდოპროცესი უწოდა. ამის მიზეზად მან ის დაასახელა, რომ ქართულ ოცნებას არ აქვს საკმარისი ხმების რაოდენობა, რათა დასახული მიზანი სისრულეში მოიყვანოს და იმპიჩმენტის პროცედურა დაასრულოს.

"ხელისუფლება ცდილობს, აქტუალური პრობლემებიდან ყურადღება გადაიტანოს და საზოგადოების კონცენტრირება ასეთ რაღაც პროცედურულ, უმნიშვნელო საკითხებთან დაკავშირებით მოახდინოს. ბუნებრივია, მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის შემადგენლობა ამ პროცესში მონაწილეობას არანაირად არ მიიღებს [...] დღეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის პროცესის საბოტაჟი მიმდინარეობს. ამ მიზნით, ხელისუფლება იყენებს იმპიჩმენტის პროცედურას, პრეზიდენტის დისკრედიტაციას - ყველა მეთოდს იმისთვის, რომ ქვეყანაში 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით ნაბიჯები რეალურად არ გადაიდგას". - თქვა ბეჟაშვილმა.

ბეჟაშვილი ამბობს, რომ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო თავად განმარტავს კომპეტენციათა შორის დავა როგორ გადაწყდება, თუმცა, მისივე თქმით, დღევანდელი  საკონსტიტუციო სასმართლოს შემადგენლობა არ იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს და შეიძლება, ბევრი სკეპტიციზმი გამოითქვას.

1-ელ სექტემბერს გერმანიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ქართული ოცნების მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის დაწყებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა.

გერმანული საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, რომ ოპოზიციამ ზურაბიშვილს პირობები წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, იმპიჩმენტს არ შეუერთდება, თუ ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს.

ამასთანავე, ოპოზიციის მიერ ზურაბიშვილისთვის წარდგენილ პირობებზე საუბრისას გერმანული საზმაუ წყაროებს არ იშველიებს. 

ტაბულამ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მიმართ კითხვით – უარყოფდნენ თუ არა გერმანულ საზოგადოებრივ მაუწყებელში გავრცელებულ ამ ინფორმაციას.  

კითხვაზე პასუხად ენმ-მ გამოგვიგზავნა ტვიტი, სადაც აღნიშნულია, რომ იმპიჩმენტი არაკონსტიტუციურია და ხელისუფლების წამოწყებას გმობენ. 

"ნაციონალური მოძრაობა გმობს ამ ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს და ეწინააღმდეგება იმპიჩმენტის პროცედურას, რომელსაც კონსტიტუციური საფუძველი არ აქვს. მოვუწოდებთ ყველა სხვა ოპოზიციურ ძალას, საქართველოს ევროპული მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე იმავე გააკეთოს". – აღნიშნულია X-ზე (ყოფილი Twitter) გამოქვეყნებულ ენმ-ს განცხადებაში. 


1-ელ სექტემბერს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა. იმპიჩმენტის დაწყების საფუძვლად კობახიძე საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას ასახელებს, კერძოდ, კობახიძის თქმით, "სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში". 

როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში იმპიჩმენტის პროცედურის "სისრულეში მოყვანა შეუძლებელია", რადგან 100 დეპუტატის ხმა სჭირდება, ეს კი, "რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერას" მოითხოვს.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე მიჩნევს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის "უხეშად" დარღვევა აიხსნება იმით, რომ სალომე ზურაბიშვილსა და ნაციონალურ მოძრაობას "საერთო პატრონები ჰყავთ და მას გარანტიები მათი მხრიდან აქვს მიღებული", შესაბამისად, კობახიძის თქმით, პრეზიდენტს "კოლექტიური ნაცმოძრაობის" მხარდაჭერის იმედი აქვს. 

ოცნება პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესს იწყებს – როგორია პროცედურა

კომენტარები